არქივი

Archive for the ‘Drugs’ Category

ვირტუალური ინტერვიუ გალაკტიონთან

ღამის თორმეტია თითქმის. არ ვიცი, რა მჭირს, უაზრო ხასიათზე ვარ, არაფრის გამო თვალებიდან ცრემლები მომდის, გარეთ გავდივარ. სიბნელეა, ღამე… სადღაც პარკში, რომელიღაც სკამზე დავჯექი. ვფიქრობ… რაზე? სიკვდილზე… ჰო, არ მშორდება მასზე ფიქრი. ვცადე, მივმხვდარიყავი, რა გრძნობა აქვს კაცს სიკვდილის წინ და რამდენიმე წამით სუნთქვა შევიკავე… ემოცია? ისეთი არაფერი, თავიდან გულისცემას ყელში გრძნობ, მერე ხმები შორიდან გესმის,  მერე თითქოს ყურები წივილს გიწყებს და ყველაფერი ნელდება… ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ ტკბილია სიცოცხლე… რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, ეს ხომ აღიარებაა იმისა, რომ არ შეგიძლია თვალი გაუსწორო სინამდვილეს და ხსნას სიკვდილში ეძებ. არადა, დიადი ადამიანები ხშირად ფიქრობენ ამაზე…  გალაკტიონი… ხუთჯერ სცადა თვითმკვლელობა… ნეტავ რატომ? სულ რამდენიმე წუთით მაინც რომ შემეძლოს ამ კითხვის მისთვის დასმა.

გვერდით უსახლკარო მოხუცი მომიჯდა, ფული მთხოვა, დარჩენილი ხურდა დაუნანებლად დავუყარე გაყინულ ხელისგულზე. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი… ისევ გამიღიმა, გრძელი წვერის ქვეშ კეთილი ღიმილი შევნიშნე… მეც გავუღიმე…

სკამიდან ავდექი და გზა გავაგრძელე. დაუფიქრებლად შევედი რომელიღაც დიდ შენობაში, კიბე ავიარე, ერთი სართული, მეორე და ასე, ბოლომდე… და ოთახში აღმოვჩნდი. ისე დავიღალე, გადავწყვიტე, მასპინძელი მენახა და მეთქვა, რომ ცოტა ხნით… აი, ისიც, ამ ოთახის მასპინძელი. გავგიჟდი, რა ხდება? ეს ხომ ის კაცია, წეღან პარკში რომ… როგორ ჰგავს…

– ისევ მე ვარ, მე…

– თქვენ?

– მალე შენი თვალით ნახავ ყველაფერს…

– რას?

– დიდი გენიის სიკვდილს…

– ალბათ, სჯობს, ვინმეს დავუძახო.

– აქ არავინაა ჩვენ გარდა. შენ როგორ აღმოჩნდი აქ. ალბათ ძალიან მოინდომე და…

– მეე? მე დასასვენებლად შემოვედი და თქვენ გადაგეყარეთ.

– გგონია ეს შემთხვევითია?!

– უკაცრავად, მე წავალ…

– ჰო, მე და ღამეს, დღეს კომპანიონობას შენ გაგვიწევ. დაინახე მთვარე? რა წყნარია, სულ ასეთია, როცა თავს ვიკლავ. ამას მანამდე მივხვდი, სანამ მოვკვდებოდი, ამიტომაც დავწერე… სანამ ისევ თავს არ მოვიკლავ, აქედან ვერ გახვალ!

– ვერ გავალ? აი, ნახეთ, თუ ვერ გავალ.

ვუთხარი და ოთახიდან გავედი, მაგრამ…  ისევ უკან, ოთახში აღმოვჩნდი. ბოლოს გაოცებული დავჯექი და წავილუღლუღე:

– გისმენთ.

– ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მკითხეთ რამე…

– კარგი, მაშინ  მითხარით, თავს რატომ იკლავთ?

– შენც ბოლოდან იწყებ? რა გაეწყობა, შევეცდები, გიპასუხო: როცა პირველად თავის მოკვლა ვცადე და არაფერი გამომივიდა, აი, რა ჩავწერე დღიურში: «შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა, ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია, მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე… მშვიდია ეს ღამე, როგორც ბავშვის ძილი ან სამუდამო სიკვდილი. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი. გწყურია გამოიტანო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიო ეს მყუდროება, გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი, ისეთი სიბნელეა, რომ მინდა სახლიდან გამოვიტანო საცერი და მით ვუცქირო ამ წყვდიად სახეს, კერპი თვალი უსათუოდ დაინახავს გესლიანად მომღიმარ დემონს. სულს დაეპატრონენ ავი სულები. დამხრჩვალია სული, მოითხოვს შველას»…

მეორეჯერ მელანი დავლიე, მაგრამ ისევ გადავრჩი და მივხვდი, რომ თვითმკვლელობის მცდელობა კიდევ ერთი საშუალებაა, თავი გიჟად გააცნო საზოგადოებას. იმასაც მივხვდი, რომ საჭიროა შეიქმნას გმირი, რომელსაც ერქმევა გალაკტიონი…

მივხვდი, რომ ქართველ საზოგადოებას სჭირდებოდა მეამბოხე, ბოჰემური ცხოვრების მოყვარული ადამიანი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს ერთი ამაყი და თავმოყვარე ქალი, რომელმაც პოეტის სიყვარულზე არაფერი იცის.

– პოეზიაში მაინც თუ იყავით გულწრფელი, ცხოვრებაში ხომ სულ თამაშობდით?

– სულაც არ ვთამაშობდი, მხოლოდ ერთხელ მოვირგე ნიღაბი და ისე შევისისხლხორცე, რომ ვეღარც კი ვამჩნევდი, ჩემი იყო თუ არა. დიდი ხნიდან დავეძებ სიკვდილს… ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით, იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულისცემა, ეს აღელვებული და მხურვალე სისხლი, ეს მტანჯველი ტკივილები ნერვების. მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სურვილი არსებობისა აღარ მაქვს. ზოგჯერ მთვრალი შევუვლიდი მწერალთა კავშირის შეკრებებს და გესლიანად, ხმამაღლა, თითქოს მთელი სამყაროს გასაგონად ვიტყოდი: «კრება გაქვთ, მწერლებო?» ხშირად მთვრალი არც ვიყავი, წვერს დავისველებდი და ესაა. მწერალთა კავშირს ვთხოვდი წერილებით, გამოეყოთ ჩემთვის ქურთუკი, პურის ფული, შეშა გასათბობად… ბოლოს დამღალა ამდენმა ტყუილმა, სიყალბემ და გადავწყვიტე, აღარ დამემძიმებინა დედამიწა.

– უბედური იყავით?

– პირიქით, ძალიან ბედნიერი… ვიყავი გიჟი გალაკტიონი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება.

– სიყვარულზე ბევრი ლექსი გაქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამოხსენით რა ფენომენია?

– ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი მეუღლე, ოლღა იყო: «გწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ!.. მე მგონია შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს სტკენს», – ვწერდი ოლიას და ეს სიმართლე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ისევ მარტო დავრჩი… თუმცა… თუ მართლაც  გულახდილი ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში მხოლოდ მერი მიყვარდა, თუმცა ეს არც კი იცოდა…

– რატომ?

– იმიტომ, რომ მეშინოდა… უცებ სრულიად ნორმალური, ინტელიგენტი პოეტი ხომ არ გამოვცხადდებოდი მწერალთა კავშირის სხდომაზე, საგანგებოდ დაუთოებული პიჯაკითა და ჯიბეში სავარცხლით… ან მერისთან ხომ ვერ მივიდოდი და ვეტყოდი: იცით, მსურს სიცოცხლე თქვენ გვერდით გავატარო, მე თქვენ თავდავიწყებით მიყვარხართ… ეს გალაკტიონს არ ჰგავს, ისიც ვიცოდი, რომ  გიჟი გალაკტიონი მერის არ შეუყვარდებოდა… ჩემს დღიურში ასეთი ჩანაწერიც მოიპოვება: მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი «მერი», ძალიან ხშირად მეკითხებიან, +- ვინა არის ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობ პასუხზე.

ალბათ, სულ ორი ადამიანი მიყვარდა: დედა და მერი.

– მიამბეთ დედათქვენზე…

– ჩემს მეხსიერებაში დედაზე მოგონება ამ სურათით იწყება: ჩონგურზე უკრავს ქალი, მე გატაცებით ვუგდებ მას ყურს. სოფელს სძინავს. ამ ბნელს, მყუდრო, ჩუმ გარემოზე უცბად ამოდის მთვარე და აშუქებს ჩემს რიკულებიან აივანს და ქალს, მუხლებზე ჩონგურით, ეს ქალი დედაჩემია… გარდაცვალების შემდეგ ხშირად ველაპარაკებოდი, ვუკითხავდი ლექსებს და ასე მეგონა, მისმენდა. ყოველთვის, როცა თავს ვიკლავ, მის ლანდს ვხედავ და ვგრძნობ, როგორი დაღონებულია ჩემი საქციელის გამო, მერე სადღაც მივქრივარ, მიმაქანებს თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმე…

– როგორია ის სამყარო, სადაც ნამდვილი გალაკტიონი ცხოვრობს?

– გინახავთ ფერი დაბინდული ქლიავისა? ეს გალაკტიონის სამშობლოს მთებია, სადაც ოდესღაც მარტოობაში ააკვნესა ქნარი და სულის ობლობა გაანდო ლექსებს. სადაც ისეთი მოწმენდილი და შეუმკრთალი ცაა, რომ «ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი». სადაც ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!… «არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში»… მხოლოდ აქ იბადება მთვარე, რომელიც გალაკტიონისთვის «თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით». აქ საღამო კანკალებს და ცა ვარსკვლავების თოვლით იბარდნება. «ცა ლაჟვარდია… დღე არის თბილი, მზე არის მწარე… გზა არის ცხელი. აქ მრავალია ცისფერი ფერი!» გალაკტიონის სამყარო ცისფერია…

– რატომ ლაპარაკობთ მესამე პირში?

– იქ, სადაც ცხოვრობდა გალაკტიონი, იქვე ვცხოვრობდი მეც, გალაკტიონ ტაბიძეც, ჩვენ ერთნი ვართ და ამავე დროს სხვადასხვაც…  მერე მოხუცი ადგა, მანიშნა, ახლოს მოდიო, მხარზე მძიმედ დამეყრდნო. ნელი და მძიმე ნაბიჯებით ფანჯრამდე მივედით, მერე მანიშნა, სკამი მომიდგიო… უცნაურია, მაგრამ ვიცოდი, რასაც აკეთებდა და არც კი მიცდია მისი შეჩერება. სკამზე ძლივს შედგა, გამომხედა, მერე ფეხი გადადგა და წავიდა…

ფანჯარაში გავიხედე, ვარდისფერი ჰაერის მეტი არაფერი ჩანდა… ოთახიდან გავედი, შორიდან მედდებსაც ვხედავდი, იქით გარბოდნენ, მინდოდა, მეთქვა, დაიგვიანეთ-მეთქი, მაგრამ…

ბევრი ვიხეტიალე, დილის ჰაერი სულ სხვანაირი იყო. ისევ იმ პარკში მივედი, იმავე სკამზე ის მოხუცი იჯდა და ჩემი ფულით ნაყიდ ფუნთუშას შეექცეოდა…

(c)  ვინმე საინტერესო ადამიანი

კატეგორიები:Drugs ტეგები:

ფრთები

11/06/2010 3 comments
სიბნელეში ვისხედით. დიდხანს. ჩუმად… უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემთან დაწოლა უნდა და მეტი არაფერი. რომ უბრალოდ, უნდა ერთ დილას ჩემთან ერთად გაიღვიძოს. მე წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ვიწვე მის გვერდით, ჩემს ან მის საწოლში, გარეთ თენდებოდეს, მას ეძინოს, მე ჩუმად ვდგებოდე, კბილებს ვიხეხავდე, და მერე ისევ ვწვებოდე. მინდოდა მეთქვა, რომ ეს დილა არასოდეს დადგება, მაგრამ რატომღაც გავჩუმდი…
მერე თქვა, რომ შეგვიძლია ერთმანეთს თვეში ერთხელ ან ორჯერ შევხვდეთ. რა თქმა უნდა, ჩუმად, ფარულად. რომ ძალიან მოვწონვარ და უნდა, რომ მაკოცოს. მე არ მინდოდა კოცნა, რადგან პარკში ვისხედით. კი, ღამე იყო. ბნელოდა, მაგრამ პარკებსა და ბაღებში მალულად მოკოცნავე წყვილებს მას შემდეგ ვერ ვიტან, რაც… მოკლედ, წარსულის ამბები გამახსენდა, ძალიან დიდი ხნის წინანდელი, სწორედ ამ ბაღის ხეებქვეშ ღრმადჩამარხული ამბები და ვიფიქრე, რომ ჩვენი კოცნისას მისი ახალი და ცხელი ტუჩები უთუოდ შეეგებებოდა იმ ჩემს ძველ, სასტიკად დაჩეხილ და წვალებით მოშუშებულ ტუჩებს…
მხოლოდ ხელი მომკიდა ხელზე. მე გრილი ხელი მქონდა, მას _ თბილი და მე ვიგრძენი როგორ დაიძრა ხელისგულში გამთბარი სისხლი გულისკენ. ქუჩის ხმაური ჩვენამდე სულ ოდნავ აღწევდა. ამ სიჩუმეში მისი სიტყვები მკაფიოდ და გარკვევით ისმოდა. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და შელამაზების გარეშე ლაპარაკობდა. მშრალად, საქმიანად… ისე, თითქოს ხელშეკრულებას უფორმებდა რომელიმე პარტნიორ ორგანიზაციას. და თუ ეს ორგანიზაცია მის წინადადებას დათანხმდებოდა, კავშირი შედგებოდა, თუ არა და, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევდნენ და თავ-თავიანთ გზას გაუდგებოდნენ. მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ ვუსმენდი. ძალიან ცხელი, ჩახუთული საღამო იყო, მაგრამ სუსტად დაბერილ ნიავს მაინც მოჰქონდა ფრთებდამტვრეული და ბუდეების გარეშე დარჩენილი ჩიტების სევდა.
ერთმანეთს პარკის შესასვლელთან დავშორდით. ქუჩებში ნახევრად ცარიელი ავტობუსები დაქროდნენ და ქალაქს ორ უსწორმასწორო ნაპირად ჰყოფდა მღვრიე მდინარე.
სახლში მისულს ბავშვები უკვე დაძინებულები დამხვდნენ. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა და ტკბილ გუბედ შემდგარიყო დაღვრილი ჩაი. მოხუცი დედამთილი, სავარძელში რომ ყვინთავდა, გამოფხიზლდა და ჩვეულებრივ მოჰყვა წუწუნს. ამბობდა, რომ ბავშვებმა ძალიან გადაღალეს, რომ მაღაზიაში ნისიები დაგვიგროვდა, რომ ცხელა და ეს ვენტილიატორი კიდევ მარტო მდუღარე ჰაერს უშვებს, რომ წნევები აწუხებს და მოძრაობა უჭირს…
მერე ისიც საძინებლისკენ წაჩანჩალდა და ცოტა ხანში ოთახიდან უძლური და ნაღვლიანი ქარივით დაბერა მისმა არათანაბარმა, ბებრულმა ფშვინვამ. მე კიდევ დიდხანს ვიჯექი ტელევიზორთან, რომელიც ჩემი დედამთილივით მხოლოდ საკუთარ თავს უყვებოდა დღის განმავლობაში გადახდენილ ამბებს, და ვფიქრობდი. უფრო სწორად, არაფერზე არ ვფიქრობდი, ვიჯექი, მასთან შეხვედრას ვიხსენებდი და ვგრძნობდი, როგორ მოყვებოდა ხელისგულში გამთბარ და გულზე მოწოლილ სისხლს ადრენალინი…
სამი დღის შემდეგ ისევ შევხვდით. ოღონდ იმ ბაღში კი არა, ჩემს ძველ, სახელოსნოდ გადაკეთებულ მანსარდაში. ცოტა ადრე მივედი, ნახატები მივაწყვე, ტელევიზორი ჩავრთე და წიგნი გადავშალე: ბორის ვიანის `შემოდგომა პეკინში~. ამ წიგნს გული ვერაფრით ვერ დავუდე. ახლა კი ისე ვიჯექი, ვითომ ვკითხულობდი და სულ არ ვუყურებდი საათს კედელზე და საკუთარ თავს სარკეში. ვითომ სულ არ ვაყურადებდი ვიღაცეების ფეხის ხმას კიბეზე და ჩემს გულისცემას მარცხენა ძუძუს ქვეშ.
რომ მოვიდა, წიგნი დავხურე და ტელევიზორს ჩავუწიე. გვერდით მომიჯდა, სიგარეტს მოუკიდა და რას კითხულობო, უგულისყუროდ მკითხა. მე წიგნის ყდა დავანახე. არც დაუხედავს, მხოლოდ მუხლზე დამადო ხელი. ზაფხულის ცხელი დღეები იყო და მოკლე კაბა მეცვა. ვარდისფერი და ძალიან მოკლე კაბა. დიდი, ფართო, ხელისგული ჰქონდა და მისმა ხელმა თითქმის მთლიანად დაფარა ჩემი მუხლი. მე წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ჩემი სახელოსნოს ფანჯრებიდან დიდად საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი მოჩანს. მხოლოდ ხეები და ნაცრისფერ კორპუსთა ჯარი, მაგრამ კისერთან რომ მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, რაღაც განსაკუთრებული დავინახე. თუმცა რა, ამას ახლა არ ვიტყვი…
ცუდად მკოცნიდა. სწრაფად, ვნებიანად, მაგრამ ოდნავ უხეშად. რა თქმა უნდა, არაფერი მიგრძნობინებია. თვალები დავხუჭე და ხელები კისერზე შემოვხვიე…
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან მალე მორჩა, მაგრამ მე ასე მომეჩვენა… როდესაც სრულიად შიშვლები დივანზე ვიწექით, ის მკერდზე მკოცნიდა, იატაკზე ჩემი კაბა და ვიანის წიგნი ეგდო, საათზე დასახედად ნადვილად არ მეცალა. მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე უნდა დასრულებულიყო… და რომ იმ წამებში, როდესაც ჩემში შემოვიდა და მე ტკივილისგან ტუჩი მოვიკვნიტე, ერთმანეთი სამუდამოდ დავკარგეთ…
მერე ცოტა ხანს კიდევ ვიწექით და ღრმად ვსუნთქავდით. პირველი ის ადგა, ტანსაცმელი აკრიფა და ჩაცმას შეუდგა. მე ჩემი კაბა მოვძებნე, გადავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანი _ გაზქურაზე, ყავით სავსე კოვზი _ ჭიქაში. მექანიკურად ვმოძრაობდი. `ადამიანის მიზანია, არ მოიკლას თავი~, _– გამიელვა სადღაც გაგონილმა თუ იმ წამს საკუთარ თავში გაჩენილმა სიტყვებმა და გამეცინა. როგორ ხარ? _ მკითხა, როდესაც მაგიდაზე ცხელი ყავით სავსე ჭიქა დავუდგი. კარგად, კარგად, _ ვუპასუხე ღიმილით და შუბლზე ვაკოცე. ყავა დალია და წავიდა. ასე რომ, მე აღარ დამჭირვებია სისხამ დილით უჩუმრად გაღვიძება და კბილების გამოსახეხად აბაზანაში შეძრომა. იმ ღამით საერთოდ არ მძინებია, ფანჯარასთან ვიჯექი და სხვების ძილში გახვეულ ქალაქს ვუყურებდი.
სისულელე იყო სიყვარულზე ფიქრი, იმაზე ფიქრი, რომ მას შეეძლო ჩემთვის მოჭრილი ფრთები დაებრუნებინა, მაგრამ მე, როგორც ყველა გადამფრენ ფრინველს, მიწაზე დგომა მიჭირდა და ზურგზე დარჩენილი ორი ერთნაირი ზომის იარაც დღემდე მახსენებდა თავს. ამიტომ იმედი არ დამიკარგავს. და როგორც კი დამიძახა, მაშინვე დაუნანებლად და დაუფიქრებლად დავთანხმდი ახალ შეხვედრაზე.
ტელეფონზე დამირეკა. ზარი რომ გაისმა, შხაპქვეშ ვიდექი და სახეზე ჩამომავალ წყალს მარილიანი ცრემლების გემო ჰქონდა. საკუთარი სიმშვიდის ნიჟარიდან გამოძევებული ლოკოკინასავით შიშველი გადმოვღოღდი აბაზანიდან და იატაკზე სველი, მბრწყინავი კვალი დავტოვე. კი, ის იყო… მითხრა, რომ ჩემთან ვეღარ მოვა, რომ ეს ორივესთვის სახიფათოა და რომელიღაც ქუჩა დამისახელა, სახლი, სართული და თეთრი კარები ლიფტის მარცხნივ.
სახლიდან ნახევარი საათით ადრე გამოვედი. მივდიოდი, მივდიოდი და ვიხედებოდი აქეთ-იქით. არ მინდოდა ვინმეს დავენახე. ლურჯი ჯინსის შარვალი მეცვა და შავი ტყავის თხელძირიანი სანდლები. შუადღის მზისგან გახურებული ასფალტი ფეხებს მითბობდა. მითბობდა კი არა, მწვავდა, მწვავდა და მე ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდა ფეხისგულებში გამთბარი სისხლი გულისკენ.
მერე სულის მოსათქმელად სასურსათო მაღაზიაში რომ შევედი და სიგარეტი ვიყიდე, მაღაზიის ვიტრინებიდან ის ქუჩაც დავინახე… სიგარეტი ჯინსის ჯიბეში ჩავიტენე. თითები მითრთოდა, ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც მითრთოდა და… ალბათ ამის გამო იყო, გარეთ გამოსულმა მზის სათვალე რომ ვეღარ ვიპოვე. უკან შევბრუნდი. მაღაზიის დახლზე დამრჩენოდა. ავიღე და სახეზე ჩამოვიფხატე. ასე ჯობდა. ასე უფრო ადვილი იყო. სათვალის მუქ, უზარმაზარ შუშებში თითქოს უფრო რბილი და დამნდობი ჩანდა სამყარო. მაგრამ ამით რეალობა არ იცვლებოდა. მე ისევ იქ ვიდექი. შუადღის მზით გახურებულ და ალმოდებულ ქუჩაზე. სათვალე მხოლოდ ჩემს თვალებს ფარავდა, შავი შუშების სიღრმეში ჩქმალავდა ჩემს განცდებს, ფიქრებს, ტკივილებს. ჩემი სახე, სული, სხეული კი ისევ ისე შიშველი იყო, მზეზე დამწვარ და ფრთებდაგლეჯილ პეპელასავით უმწეო, დაუცველი, დაუფარავი…
პატარა აღმართს უნდა ავყოლოდი, მაგრამ ალესილი დანის პირზე უფრო ადვილი იქნებოდა სიარული. და მე ვგრძნობდი, ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდა ფეხისგულებში დაწყლულებული სისხლი გულისკენ…
მერე, როგორც იქნა, მისი სახლიც დავინახე. უცხო, მტრული, უსახური კორპუსი შიგ შეკეტილი მოკვდავებით, ვენტილიატორებიდან დაბერილ ჰაერს რომ უხვედრებდნენ გაოფლილ შუბლებს, ზურგებს, იღლიებს. დავინახე ხეეების ჩრდილში გაწოლილი კატები. ვიგრძენი შიში და ვიღაცის ცნობისმოყვარე მზერა მესამე სართულის აივნიდან, და სწრაფად, სწრაფად, სასწრაფოდ შევაფარე თავი შედარებით გრილ და ბნელ სადარბაზოს, ავირბინე რამდენიმე საფეხური, ვიდრე თეთრ კარებამდე ლიფტის მარცხნივ, დავაკაკუნე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ საკუთარი გულისცემის რიტმზე უფრო ნელა და თანაბრად და უკვე აღარ მიფიქრია იმაზე, რომ სადმე, ამ გზის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში შეიძლებოდა შეჩერება, დაფიქრება, გადაფიქრება, რომ აუცილებელი არ იყო მასთან მივსულიყავი, ვისაც მხოლოდ ჩემთან დაწოლა სურდა და მეტი არაფერი, რომ მაინცდამაინც ის მყვარებოდა, ვისაც უბრალოდ, არ უნდოდა, ან არ შეეძლო სიყვარული…
მაგრამ კარი რომ გააღო და დავინახე, ისევ მოვტყუვდი. მომეჩვენა, რომ ზურგსუკან ჩემს ფრთებს მალავდა. ოთახში გრილოდა. მას მაისური გაეხადა და რაღაც სასმელს წრუპავდა. მე მხოლოდ წყალი დავლიე, ხარბად, სულმოუთქმელად, დიდ-დიდი ყლუპებით და ვიღაცის ჭრიალა, ფართო საწოლზე დამფრთხალი ჩამოვჯექი. გვერდით მომიჯდა, კისერზე მაკოცა და ჩემი თხელი, სიფრიფანა კოფთის ღილების შეხსნას შეუდგა. სარკმლიდან დღის მკვეთრი შუქი იჭრებოდა, მე უცებ გამახსენდა, ასეთ სინათლეში მის წინაშე პირველად რომ ვშიშვლდებოდი და შევხტი, მაგრამ უკვე გვიანი იყო…
_ ეს რა არის? _ მკითხა და ხელი ფრთხილად აუსვა ჩემს ორ, ერთ ზომაზე გაჭრილ და წითლად გახაზულ ჭრილობას მხრებზე, გლუვი ზურგის ზედაპირზე.
_ არაფერი, ორიოდე წლის წინ დავეცი და რამდენიმე ნაკერი დამადეს, _ ვთქვი და თვალები დავხუჭე. რა ვქნა, ყველაზე ნაკლებად ტყუილების თქმა მეხერხება.
_ კაცს ეგონება, რომ ერთ დროს აქ ფრთები გქონდა. მართლაD დაცემული ანგელოზი ხარ, _ გაიცინა, სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და ტუჩებში მაკოცა. სწორედ ისე მკოცნიდა, ცოტა ხნის წინ წყალს რომ ვსვამდი: ხარბად, სულმოუთქმელად, დიდ-დიდი ყლუპებით. მერე დამაწვინა და საოცარი ჟინით და სიშმაგით დამეუფლა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ჩვენ-ჩვენი გულისცემის რიტმზე უფრო სწრაფად, გიჟურად, არათანაბრად…
შინ გვიან დავბრუნდი. ოთახში შესული ფეხისწვერებზე შევდექი და თითქმის საუკუნის წინ საიმედოდ ჩაგმანული აივნის კარი წვალებით გავაღე. გარეთ გავედი, აივნის კიდეზე დავდექი და ვნებით ჩამუქებული ღამის ჰაერი თვალდახუჭულმა შევისუნთქე… ასე ვიდექი, ასაფრენი ფრინველივით ლაღი, ბედნიერი, თავისუფალი და ვგრძნობდი, როგორ ტკბილი და ყოვლისწამლეკავი ნეტარებით მევსებოდა სული, როგორ მიმსუბუქდებოდა და მიმჩატდებოდა სხეულის ყოველი ნაკვთი და უჯრედი… მერე თვალები ნელ-ნელა გავახილე და ხელები გავშალე. ღმერთო, ამდენი ხნის მერე, ჩემი უფრთო და დაცემული ცხოვრების მანძილზე პირველად აღარ მეშინოდა მეთექვსმეტე სართულის აივნიდან გადახედვის, ჩემს ქვემოთ გაწოლილი მიწის და ჩემს თავზე გახსნილი ცის…
და მაშინ ვიფიქრე… ვიფიქრე კი არადა, თითქმის საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მასში, მასთან, მის ახლოს, მის ირგვლივ, მის სახლში, მის ტანსაცმელში, წიგნებში, ნივთებში აუცილებლად იმალებოდა ჩემი ფრთები. რომ მან ისინი უთუოდ რომელიღაც თაროზე, რომელიღაც უჯრაში შეყარა, უგულოდ შეჩურთა და მერე დაივიწყა. მან ხომ არ იცოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ მჭირდებოდა, როგორ ძალიან მჭირდებოდა ისინი…
ეს უნდა მეთქვა, ეს უნდა მეთხოვა… და მეც ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ველოდი, მაგრამ აღარ გამოჩენილა. აღარც დაურეკავს. საათობით გაუნძრევლად ვიჯექი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი ტელეფონის აპარატს, რომელიც ჯიუტად დუმდა, ან თუ რეკავდა, მატყობინებდა, რომ კომუნალური გადასახადები დამიგროვდა და თუ არ გადავიხდი, ელექტროენერგიას და წყალს გამომირთავენ, რომ ბავშვები კარგად არიან და მშვენივრად ისვენებენ, რომ მარიმ უკვე იმშობიარა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, სამი კილო და ათი, და სანახავად უნდა წავიდეთ, რომ საბრალო ნელიკომ ზაფხულის მწველ სიცხეებს ვეღარ გაუძლო, ინსულტი დაემართა და სამშაბათ-ოთხშაბათს პანაშვიდებია, ხუთშაბათს _ დაკრძალვა, რომ თუ სამსახურში სიარულს თავს დავანებებ, ჩემი განთავისუფლების ბრძანებას დაწერენ, რომ…
ბოლოს, რომ აღარ გამოჩნდა და ლოდინი აუტანელი და შეუძლებელი გახდა, მე თვითონ დავრეკე. ყურმილი არავის აუღია. იყო მხოლოდ რამდენიმე გრძელი, გაბმული, უსიამო ზუმერი და ცივი, გულგრილი სიჩუმე ამ ზუმერებს შორის.
სწრაფად ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი. ისევ კარგად მახსოვდა სახლი, სადარბაზო, სართული და თეთრი კარები ლიფტის მარცხნივ. ისევ ისე მივდიოდი, მივდიოდი, ვიხედებოდი აქეთ-იქით, არ მინდოდა, ვინმეს დავენახე. ისევ ისეთი შიშით და ტკივილით გადავრბოდი ქუჩაზე, ავდიოდი აღმართზე და ბოლოს, თავი რომ შევაფარე უცხო, მტრულ, უსახურ კორპუსს, ავირბინე რამდენიმე სართული და დავინახე თეთრი კარები ლიფტის მარცხნივ, ჩანთაში ხელისკანკალით მოვძებნე გასაღები, რომელიც ოდესღაც თავად მომცა და რომელიც მისი სახლის კარებს აღებდა.
გასაღები გადავატრიალე და ბინაში შევედი.
არავინ იყო. იყო მხოლოდ სიჩუმე, ნივთების ჩრდილი, სიყვარულის განმეორების შეუძლებლობა, სიჩუმე…
მაგრამ აქ სადღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემი ფრთებიც და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მეპოვა, მომეძებნა, აღმომეჩინა.
მეც ვეძებდი…
ვეძებდი ყველგან _ საძინებელში, სააბაზანოში, სამზარეულოში… კარადებში, სათავსოებში, უჯრებში… საწოლებისა და მაგიდების ქვეშ, ნახატებისა და სურათების უკან, კედლებისა და სარკეების შიგნით, ქოთნის ყვავილებისა და წიგნების ფურცლებს შორის, დიდი ხნის წინათ მივიწყებულ და მტვრით სავსე კუთხეებში, ყველაზე უფრო ღრმა, მიგდებულ და მიუსაფარ ადგილებში, ყველაზე უფრო ბნელ, იდუმალ და გამოუცნობ კუნჭულებში.
ვპოულობდი ყველაფერს: ჩემი შვილების ძველ, გაცვეთილ ფეხსაცმელებს, გადატყავებულ მუხლებს და აუსრულებელ სურვილებს, ჩემი ქმრის ბოღმას, ეჭვებსა და ციხის კოლონიაში გამოკეტილი სიცოცხლის ცხრა, გრძელ, მტანჯველ წელიწადს, სადღაც შორს, უცხოეთში გადახვეწილი ერთადერთი ძმის იშვიათ სატელეფონო ზარებს, დედამთილის ავადმყოფობებსა და ტკივილებს, უდროოდ დახოცილი მშობლების საფლავებს, თავად მას, რომელიც ისევ იმ სკამზე იჯდა, საყვარლობის მშრალ და საქმიან ხელშეკრულებას რომ მიფორმებდა და ახლა ვიღაც სხვა, ახლადდასაპყრობ გოგოს კოცნიდა… კიდევ ვპოულობდი ჩემს დაუხატავ და გამოუფენელ ნახატებს, მომაბეზრებელ და უსიხარულო სამსახურს, მძიმე და ცივ ზამთრებს, ხელფასიდან ხელფასამდე წვალებით გატანილ დღეებს, მაღაზიაში დაგროვილ ნისიებსა და ხვალინდელი დღის შიშს… მოკლედ, ყველაფერს, რაც ასე მძულდა და რაც ასე მტკიოდა. ყველაფერს, ყველაფერს ჩემი ფრთების გარდა…
ყველაფერი დღესავით ცხადი იყო და ნათელი. ეს სხეულში შემოდგომის სიცივესავით შემოპარულმა სიმძიმემაც მაგრძნობინა და, ჰაერის ჩასასუნთქად აივანზე რომ გავედი და ჩემს წინ გადაშლილ სივრცეს გადავხედე, სიცარიელისა და უძლურების ისეთმა დამანგრეველმა ტალღამ დამარტყა, გავიფიქრე, რომ მსგავსი შეგრძნებები ადამიანებს ალბათ ყველა მიზნის მიღწევის, ან განსაკუთრებით სასტიკი ომების დასრულების შემდეგ ეუფლებათ…
სახლში დაბრუნებული პირდაპირ საწოლში შევძვერი და იმგვარ ღრმა და უნაპირო ძილში შევცურე, როგორც უდარდელ და დიდი ხნის წინათ დავიწყებულ ბავშვობაში. მხოლოდ დილას აღმოვაჩინე წითლად დალაქული ზეწარი. ჩემი ჭრილობები დახსნილიყო და მხრების შიგნიდან განსაკუთრებით იშვიათი და მწარე ცრემლივით მდიოდა სისხლი.
გაჭირვებით წამოვდექი. ახლადფრთებდამტვრეული ფრინველივით გვერდულად მივათრევდი სხეულს. აბაზანაში შევედი და სარკეში თავმოტრიალებული საკუთარ ზურგს დავაკვირდი. იარებს რაღაც უცნაურად დაეღოთ პირი და ღრმა, ალისფერ ნაპრალებად ქცეულიყვნენ. ზურგის თბილი წყლით მობანა ვცადე. ხელები მტკიოდა და თითები ძნელად მემორჩილებოდა. ჭრილობები ულმობლად მეწვოდა და მოუსვენარი გულივით მიფეთქავდა. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე. ჩავფიქრდი. წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი, რა უნდა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის, შემოდგომისთვის, რომელიც უთუოდ დადგებოდა, სიყვარულისთვის, რომელმაც ფრთების ნაცვლად გაუსაძლისი ტკივილი და ხელმეორედ დახსნილი იარები მომიტანა.
შაბათი დილა იყო, სამსახურისა და მოვალეობებისგან თავისუფალი დღე და ვიფიქრე, რომ ორშაბათამდე ყველაფერი გამივლიდა. გაჭირვებით მოვსვი ცივი და უგემური ყავის რამდენიმე ყლუპი და ისევ დავწექი. ამჯერად საწოლზე პირქვე დავემხე და შევეცადე არაფერზე არ მეფიქრა.
არაფერსაც არ გაუვლია. პირიქით, ტკივილმა იმატა და კვირა საღამოს ზურგი ერთიანად დამიწყლულდა. გარეთ საგრძნობლად აცივდა. ქარი ამოვარდა და მოქუფრული ციდან ნელა წამოვიდა მსხვილი, სასტიკი წვიმა. ჭრილობებიდანაც სისხლმა წვიმის წვეთების სიხშირით იმატა. უკვე ნაბიჯების გადადგმაც მიჭირდა. ფეხებზე თითქოს დოლაბები მეკიდა. მუხლები მეკვეთებოდა და თავბრუ მეხვეოდა. ვგრძნობდი, ჭრილობებიდან წამოსულ სისხლს როგორ გულგრილად მიჰყვებოდა სასიცოცხლო ძალა და ენერგია, სიყვარულისა და არსებობის ნება-სურვილი… სუფთა, წყალივით ცივი და გამჭვირვალე ჰაერი მჭირდებოდა, შემოდგომის წვიმით გაჟღენთილი მიწის, ხის სველი ფოთლების და მოღრუბლული ცის დანახვა და მეც ცალ მხარზე გაწოლილი ნელა გავფორთხდი აივნისკენ. სულ მცირედი მოძრაობაც კი აუტანელ, ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა და იატაკზეც მიტოვებული და შეშლილი პატარძლის ნაზი, მეწამული შლეიფივით ვტოვებდი სისხლიან კვალს…
აივნის კარი რომ გავაღე და პირქუშ და ქარისგან აფორიაქებულ ცას ავხედე, გონება გამინათდა. მივხვდი, რომ გამოსავალი მხოლოდ იქ იყო. ისევ უნდა მეცადა! თუნდაც უფრთოს, თუნდაც ცოდვილს, თუნდაც მომაკვდავს… ადრე ხომ შემეძლო, ხომ გამომდიოდა და იქნებ ახლაც… მხრებზე მოხვეული შალი მოვიშორე და გაშლილი და ზურგზე უწესრიგოდ დაყრილი თმები კეფაზე ავიკარი. აივნის მოაჯირზე ჯერ ერთი ფეხი ავდგი, მერე _ მეორე, თვალები დავხუჭე და ვნებითა და ტკივილით ჩამუქებული ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ასე ვიდექი – ასაფრენი ფრინველივით ლაღი, ბედნიერი, თავისუფალი. წვიმის წვეთები სახეს და მხრებს მისველებდნენ და ვგრძნობდი, კვლავ როგორი ტკბილი და ყოვლისწამლეკავი სიყვარულით მევსებოდა სული, როგორ მიმსუბუქდებოდა და მიმჩატდებოდა სხეულის ყოველი ნერვი, ნაკვთი და უჯრედი. მერე ღრმად, ძალიან ღრმად შევისუნთქე, ხელები გავშალე და ჰაერში გადავაბიჯე…
* * *
თვალები რომ გავახილე, ისევ იმ ბაღში ვიჯექი. ღამე იყო. ბნელოდა. მუხლები და ხელისგულები მიწით მქონდა მოსვრილი, ხოლო თითებში ისე მტეხდა, თითქოს მთელი ღამე აქ, ამ ხეებქვეშ ღრმადჩამარხული ამბების საფლავებს ვთხრიდი და იქიდან ნელა ამომქონდა დიდი ხნის წინათ დავიწყებული სიყვარულის მძიმე და ხრწნადი გვამები. სამაგიეროდ, მხრები აღარ მტკიოდა, ჭრილობებსაც პირი შეეკრათ და დაუნდობლად დაგლეჯილი ძარღვებიდან წამოსული სისხლიც წვიმისაგან სველ მაისურს თითქმის აღარსად აჩნდა.
გული კი ისევ ისე მიცემდა, მიფეთქავდა და გონების მოკრებაც მიჭირდა. ვერაფრით ვერ ვიხსენებდი რა მოხდა… რა მოხდა მას შემდეგ, რაც აივნის მოაჯირზე შევდექი, ხელები ფრთებივით გავშალე და მეთექვსმეტე სართულის სიმაღლიდან გადავეშვი. მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ცხადი იყო. მე ისევ აქ ვიყავი. აქ, სველი ხეებით და სიყვარულის უჭირისუფლო მიცვალებულებით სავსე მიწაზე. აქ, სადაც ნიავს გულგრილად მოჰქონდა ფრთებდამტვრეული და ბუდეების გარეშე დარჩენილი ჩიტების სევდა და ქალაქსაც ორ უსწორმასწორო ნაპირად ყოფდა მღვრიე მდინარე.

(c) თეონა დოლენჯაშვილი

კატეგორიები:Drugs

აკვიატება

30/05/2010 2 comments
გვიანი საღამოდან ავიკვიატე ერთი სიმღერა.
ასე მოდის ხოლმე ხანდახან აკვიატება და რამდენიმე დღე რჩება.
მაგრამ მარტო მუსიკაში კი არ მაქვს ეს აკვიატებები, არამედ-ყველგან და ყველაფერში.
ფილმებში,სურათებში,მიმდინარეობებში,წიგნებში და ურთიერთობებშიც კი.
და რომ იცოდეთ,ეს სულაც არ არის კარგი.
პირიქით,საკუთარი თავის რწმენასაც კი გიკარგავს რაღაც მომენტში.
როცა არ იცი ეს მორიგი ურთიერთობა რაიმე სერიოზულია თუ უბრალოდ შენი მორიგი აკვიატება.
ან თუნდაც მუსიკა,უსმენ,უსმენ და საბოლოოდ კიდევ ერთხელ რომ დატრიალდება შენს პლეიერში მიხვდები,რომ უკვე გულს გიწუხებს ან უბრალოდ, გირევს.
ხოდა ახლა ამ პოსტს იმიტომ კი არ ვწერ,რომ ვიწუწუნო თუ როგორი შეწუხებული ვარ ჩემი ცვალებადი ხასიათით,უბრალოდ მინდოდა ჩემი მორიგი აკვიატება გამეცნო თქვენთვის.
ეს Rachael Yamagata-ა. : )
არ მინდა აქ ბიოგრაფია განვიხილო,ან უბრალოდ მეზარება. : )
ამიტომ ვისაც ვოკალისტი ქალების მოსმენა გსიამოვნებთ,ან უბრალოდ გიყვართ თბილი,მელოდიური ხმა და კარგ ხასიათზე ყოფნა,გადაწერეთ და პირობას გაძლევთ,თქვენ ლასთ.ფმ_ის გვერდს მთლიანად მოიცავს ეს საყვარელი გოგო.
კატეგორიები:Drugs ტეგები:, ,