Archive

Posts Tagged ‘ყურსასმენები’

მეტროში

18/10/2010 6 comments

შემოდგომა იყო თბილისში.

ერთი ისეთი საღამო იყო,შებინდებისას რომ დაუშვებს ხოლმე წვიმა და რამდენიმე საათი გაუჩერებლად,მშვიდად წვიმს.

 

გვიანი იყო,მე უკვე სახლში მივდიოდი,ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარელი ტრასპორტით-მეტროთი.

კიბეები რომ დასრულდა და შევუხვიე,ვაგონისთვის რომ დამეცადა,ერთი ბიჭი “დავლანდე”.

ზოგადად,წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,გოგოები ბიჭებს არ “ლანდავენ”,ისინი ბიჭებს თავიდან ფეხებამდე ერთი შეხედვით ზომავენ და მერე ისეთ სახეს იღებენ,თითქოს საერთოდ არ დაენახათ.

ბიჭის გონება კი უფრო ნელა მუშაობს,ის შემოგხედავს,გაკვირდება,არც იუხერხულებს,რომ დაჟინებით მოგშტერებია და მაინც ვერ მიხვდება იმდენს შენზე,რამდენსაც შენ მიხვდი.

ზოგადად ეს ასეა.აი ის ბიჭი კი,მე რომ კიბეებზე ჩასვლისთანავე დავინახე,ეგეთი არ იყო.

ის მოთამაშე იყო.
არსებობენ ეგეთი კატეგორიის ბიჭები,ყველაფერს რომ იზამენ ისეთები რომ გამოჩნდნენ,როგორებიც არ არიან,თუმცა უნდათ,რომ იყონ.
ამ ჩემს ბიჭს ხელში წიგნი ეჭირა,კედელს იყო მიყრდნობილი და კითხულობდა.

უკვე გვიანი იყო და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა რამდენიმე ადამიანი.

რომ შევედი,ამომხედა,ღრმა,საქმიანი თვალები შემომანათა და ისევ ჩაიხედა თავის წიგნში.

მე ვგიჟდები კითხვაზე.შესაბამისად ყოველთვის მაინტერესებს ის ადამიანი,რომელიც ჩემსავით კითხულობს და თან ჩემსავით-მეტროშიც.

ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ ეს ჩემი ბიჭი საკმაოდ სიმპათიურიც იყო.

 

მე იქვე ახლოს მივეყრდენი იმავე კედელს და ისე,ჩემთვის ჩამეღიმა.

ცოტა ხანში გავხედე და ის არ კითხულობდა,ყველანაირი უხერხულობის გარეშე მიყურებდა და მიღიმოდა.

მეც კიდევ ერთხელ გავუღიმე.

მოკლედ,ჩვენ მატარებლის მოსვლამდე ერთგვარი ვირტუალური ურთიერთობა დავამყარეთ.
ამ ღიმილში და უცნაურ განცდაში მატარებელიც ჩამოდგა.

მან სიგარეტი ჩააქრო,ისევ გაიღიმა,ოღონდ ამჯერად სადღაც,უსასრულობაში გაიღიმა და შევიდა.

მეც შევედი.

მე დავჯექი,ის იქვე ახლოს დადგა.

წიგნი ისევ გადაშლილი ჰქონდა,თუმცა ხანდახან,თავდახრილი,მზერას გამოაპარებდა და ისევ იღიმოდა.

ჩვენ დავინტერესდით ერთმანეთით.

მიუხედავად ამისა,მე არ ვიმჩნევდი.

ყურსასმენები მქონდა ყურებში,საყვარელ მუსიკას ვუსმენდი და ფეხის მოძრაობით ვყვებოდი.

ეს უფრო აღიმებდა.

საბოლოოდ,ჩემს ჩამოსვლამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდა,ისე რომ არც მობრუნებულა მშვიდად ხელი დამიქნია და გაისეირნა.

მატარებელი დაიძრა.ისე,რომ მე გასვლა ვერ მოვასწარი.

მას არ მოუხედავს.მიდიოდა ისევ თავდახრილი და ვინ იცის რას ფიქრობდა.

აი მე კი,რომ გავსულიყავი…
მატარებელი ჩამოდგა.

მე ჩამოვედი,მეორე მხარეს გადავედი და იმ მატარებელში ჩავჯექი,რომელიც ჩემს ბიჭთან მიმიყვანდა.იქნებ კიდევ გაეღიმა ჩემთვის…

მივედი,მაგრამ ვერ ვიპოვე.

მე ის ვეღარ ვიპოვე.ეს ყველაფერი ზუსტად ოც წუთში მოხდა.

 
ოცი წუთის წინ,ფეხდაფეხ რომ გავყოლოდი მას…გადმოვსულიყავი ვაგონიდან და გავყოლოდი.

 
ოცი წუთით ადრე:

მე გამოვედი ვაგონიდან.

ის წინ მიდის.

მშვიდად,აუღელვებლად.

მიდის და მის სახეს ვერ ვხედავ.

თუმცა ვგრძნობ,როგორ იღიმის.

მალე ვეწევი და უკვე გვერდი-გვერდ დავდივართ.

ის ჩერდება,სახეში მაშტერდება და მიღიმის.

მე ვეუბნები,რომ დაბადების დღე მაქვს და ვთხოვ,რომ სახლამდე მიმაცილოს.

ის ხელს მკიდებს და…
მე ვუბრუნდები რეალობას.

მე მას დავედევნე,მაგრამ გვიანი იყო.

საერთოდ,გვიანია.

სახლიდან მირეკავენ,მალე უნდა მივიდე.

მატარებელი მოდის,შევდივარ და ვხედავ ბიჭს,რომელიც წიგნს კითხულობს.

მე შევდივარ,ის მაღლა იხედება და მიღიმის.

 
სახლში მაგვიანდება…

 

 

მოღალატე

24/09/2010 9 comments
ჩემი შეყვარებული მოღალატეა.ნამდვილი მოღალატე.მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე გოგოსთან ჰქონდეს ურთიერთობა.
მე ერთ-ერთი ვარ.და ალბათ ყველაზე გამორჩეული,რადგან ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.
ერთმანეთი ქუჩაში გავიცანით,არა ბანალურად კი არა,ის დამეჯახა,მერე დაყრილი ნივთების აკრეფაში დამეხმარა და ნომერი კი არ გამომართვა,სხვანაირად.
უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა და ვჩქარობდი,ხოდა ამ ჩემი ველოსიპედით პირდაპირ დიდი სიჩქარით შევუხვიე ეზოში და თან საათს დავხედე.წამებში მოხდა,ის თურმე ამ დროს გამოდიოდა და..
ნუ გადარჩა,რომ ზედ არ გადავუარე.
ძალიან უყურადღებო ვარ,თავისით რომ არ მოეხსნა ჩემთვის ყურსასმენები და პირდაპირ ყურში არ ჩაეყვირა,რომ წინ არ ვიყურები და იდიოტი ვარ,გზას ჩვეულებრივ გავაგრძელებდი.
ნუ მე რა თქმა უნდა ვუთხარი,რომ მეჩქარებოდა და აღარ დავაკვირდი იმას,ვინმე გამოდიოდა თუ არა და კიდევ ის,რომ იდიოტი არ ვარ!..რომ ახლა მეჩქარება და ეგ საყვედურები სხვა დროს იყოს.
მერე რა,რომ მე თვითონაც არ ვიცოდი,როდის შეიძლებოდა დამდგარიყო ის სხვა დრო.
ველოსიპედი იქვე მივაყენე და…ლექციების მერე გამოსულს ჩემს ველოსიპედზე მიყრდნობილს წავასწარი,პირველად მაშინ ვიეჭვიანე,ოღონდ ველოსიპედზე კი არა,პირიქით.
იდგა და მშვიდი სახით სიგარეტს ეწეოდა.
მე ჩვეულებრივი,ბანალური გოგო ვარ და ჭკუიდან გადავდივარ,როცა ბიჭი სიგარეტს ეწევა.
ხოდა ამანაც პირველად მაშინ გადამიყვანა ჭკუიდან.
მერე მოვიდა პირველი ხელის ჩაკიდება,სეირნობა,ჩახუტება,კოცნა,სექსი…
მოკლედ,ის არასდროს მალავდა,რომ ერთ გოგოსთან ყოფნა არ შეეძლო.
პერიოდულად ვითმენდი მის გაუჩინარებებს,თქვენ წარმოიდგინეთ,ღამეც კი ვრჩებოდი მარტო,მის გარეშე და დაუსრულებლად ვეწეოდი..
მერე აღმოვაჩენდი,რომ ავადმყოფი ვარ და უნდა წავიდე სახლიდან,მაგრამ მოვიდოდა,ერთს გამიღიმებდა და ყველაფერი მავიწყდებოდა.
მე შეყვარებული ვიყავი.
ის-არა.
მე ვგიჟდებოდი მის დაწერილ მოთხრობებზე,ის-არა.
მე მიყვარდა მისი გაკეთებული ყავა.მას-არა.
მე ვკითხულობდი წიგნებს,რომელსაც ის მირჩევდა.ის-არა.
მოკლედ.
მე სრულ იდიოტად ვგრძნობდი თავს,მაგრამ მიტოვება არ შემეძლო.
ცოტა ხანში კიდევ ერთი უცნაურობა შევატყვე თავს-მომწონდა მისი დანარჩენი გოგოები.
ზოგის ღიმილი მომწონდა,ზოგის ფეხები,ზოგისაც თითები.
მთავარია,რომ მომწონდა.
ისიც არ მალავდა,რა ვქნა,რომ ყველა გოგოს რაღაც აქვს გასაგიჟებელიო.
ხშირად მიფიქრია,ნეტავ,მე რა მქონდა ისეთი,რაც მას მოსწონდა?
გარედან ჩვენ იდეალური წყვილი ვიყავით,ერთმანეთი გვიყვარდა,გვქონდა ერთი და იგივე მუსიკალური გემოვნება,უზარმაზარი ბიბლიოთეკა სახლში და ბევრი სურათი,სადაც ერთმანეთს ვკოცნიდით.
მაგრამ ის მოღალატე იყო.
მე ბედნიერი ვიყავი,რომ ის მყავდა,უბედნიერესიც კი.
მხოლოდ ღამით,როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩებოდი,მაშინ ვაცნობიერებდი,რომ მარტო მე ვიყავი ბედნიერი მხოლოდ მასთან.
დღის შუქზე კი ვხვდებოდი,რომ მას სხვები აბედნიერებდნენ.
მაგრამ მე ჩემთვის გამოყოფილი დროისთვის ვგიჟდებოდი მასზე და კიდევ იმისთვის,რომ ჩემთან ერთად ცხოვრება აირჩია.
ვგიჟდებოდი და ვგიჟდები.
მე ბედნიერი ვარ.