Archive
ალასკა
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მაშინ,როდესაც ჩემი ქვეყნიდან წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე.
მე ერთი ლამაზი ქვეყნიდან ვარ,რომელსაც მთები აკრავს გარშემო.
ამ მთებზე თოვლი თითქმის არ დნება და ყოველთვის ულამაზესი სანახავია.
ყველაზე წითელი შემოდგომა იცის და ოქტობრის თვეში ქუჩაში მოსეირნეს ყვითელი ფოთლები გეხლართება თმაში.
მე ვხატავ.
სამ თვეში ერთხელ,პარასკევ დღეს ერთ ვიწრო ქუჩაზე,პატარა გალერეაში გამოფენას ვაწყობ.
სახლიდან იშვიათად გავდივარ და როცა გავდივარ,მეშინია,ხატვა არ მომინდეს და მყუდრო ადგილი ვერ ვიპოვო.
ჩვენს დედაქალაქში ძალიან ცოტა ადგილია მყუდრო და ალბათ მაგიტომ.
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო,როცა რუტინა გბეზრდება.
თუ არ დამდგარა ჯერ,დაელოდეთ,აუცილებლად დადგება,რაც არ უნდა იდეალური იყოს ის.
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა.
მომბეზრდა ჩემი დილა,ყავა,სიგარეტი,იგივე გარემო,ძველი მოლბერტი და ერთი და იმავე იდეით გადაბმული ნახატები.
ჩემოდანი გადმოვიღე და…
მე უკვე ორი წელია,ალასკაზე ვცხოვრობ.
აქაურობა ულამაზესია.
მართალია მთები საერთოდ არაა,მაგრამ სამაგიეროდ ოკეანეა,რომელიც ყოველთვის გაყინულია,როცა მე მის სანაპიროზე ვსეირნობ.
თითქმის ყოველთვის ცივა.
მე აქაც იშვიათად გავდივარ გარეთ,ამიტომ ძირითადად ბუხართან ვზივარ,ვხატავ და მუსიკას ვუსმენ.
აქ რომ ჩამოვედი,ყველაფერი შევცვალე.მე ხომ მობეზრებული მქონდა რუტინა?
ახალი მოლბერტი ვიყიდე,ახალი ფანქრები,ბევრი ფურცელი და თქვენ წარმოიდგინეთ,განსხვავებულ მუსიკასაც ვუსმენ.
მეგობრები არ მყავს.არც მჭირდება,ამას ოთხი დღის წინ მივხვდი,როცა ამდენი ხნის შემდეგ ლუდი მარტომ დავლიე.
მთელი საღამო ვსვამდი,ბოლოს რამდენიმე წუთი ისტერიულად ვიცინოდი და სწორედ მაშინ მივხვდი,რომ მეგობრები არ მჭირდება.
მხოლოდ ის მჭირდება,რომ არ მციოდეს,ჩემი მეგობრები კი ვერასდროს მათბობდნენ.
აქ,ალასკაზე,მხოლოდ ერთი გალერეა და რამდენიმე მხატვარია.
მე ყველას ვიცნობ პირადად და ძირითადად ერთად გვაქვს ხოლმე გამოფენები,რა თქმა უნდა,ყოველ პარასკევს.
ეს დღე მე შევარჩიე.
ერთხელ,როცა მორიგი გამოფენა მქონდა,ერთი ბიჭი გავიცანი,ფოტოგრაფი.
ეს ერთი წლის წინ იყო.იმის მერე ყოველ პარასკევს,გამოფენის შემდეგ ჩემთან მოდის და ჩვენ ერთად ვიძინებთ.
არა,ჩვენ არ გვაქვს სექსი,ჩვენ უბრალოდ ერთად გვძინავს.
მე შეგნებული მაქვს,რომ ეს მხოლოდ პარასკევობით ხდება,მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვშლი მისთვის ლოგინს.
არა,არ მიყვარს,ეგ როგორ იფიქრეთ,არც ასეთი სენტიმენტალური ვარ.
ის ყოველთვის მეფერება,მთელ სხეულს მიკოცნის.
რამდენჯერმე უფრო მეტიც მოინდომა,მაგრამ მე შევაჩერე,არ მინდოდა.
ასე უფრო კარგია.
ასე უფრო ლამაზია ყველაფერი.
მერე ვიძინებ და მესიზმრება,როგორ მიღებს მძინარეს ფოტოებს,ეს ძალიან რეალურია,ალბათ ამიტომ,რომ მეორე დილას ამ ფოტოებს მის აპარატში ვნახულობ.
ვდგები,შიშველი გავდივარ სამზარეულოში და ყავას ვდგამ.
ჩვენ ერთად ვეწევით,მერე ის მეკითხება,შეიძლება თუ არა,რომ მაკოცოს,მე ვუღიმი და თავს ვუქნევ.
ის მკოცნის და მიდის.
ჩვენ ალასკაზე ვცხოვრობთ,სადაც ოკეანე ყოველთვის გაყინულია და არავის იცის,სად არიან ამ დროს იხვები.
ჩვენ ყოველ პარასკევს ვხვდებით ერთმანეთს,ის მეფერება და მე ვთბები.
მე შემიძლია ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე.
ჩვენი შემოდგომა
ძვირფასო,
რამდენი ხანია,აღარ მომიწერია შენთვის.
მომენატრე.
აქ შემოდგომაა,ყვითელ ფოთლებს შორის დავაბიჯებ და მშვიდად ვარ.
შენი ჩახუტება მოენატრა ჩემს ხელებს.
შენი,კისერი,სუნი…
ხშირად ვფიქრობ შენზე,ღამე სასეირნოდ გავდივარ ვიწრო და დაუსრულებელ ქუჩებში და შენზე ვფიქრობ.
იცი,რა ლამაზია აქაურობა ღამით?აქა-იქ მბჟუტავ ლამპიონებზე მარტო ყვითელი ფოთლები ბრჭყვინავს და სულს მითბობს.
ხომ გახსოვს ჩვენი შემოდგომა?
ვეჩვევი უშენოდ ცხოვრებას.
უკვე ვგრძნობ,რომ ისე მყვარებიხარ,აღარც მჭირდები.
მე შენი სითბო მაცოცხლებს,მანდ რომ დავაგროვე..
ვიცი,რომ შენს ქალაქში ახლა ზამთარია,ძალიან ცივა და შენ გრძელ,თბილ პალტოში გახვეული დადიხარ.
ფიფქები გეცემა სახეზე და ჩემზე არ ფიქრობ.
მერე,რა.
ხომ იცი,რა მნიშვნელოვანია ჩემთვის წარმოდგენა? Imagination decides everything.
წარმოგიდგენ და ვსეირნობ.
მერე რა,თუ შენ დამივიწყე,ჩვენ ხომ არ ვგავართ სხვებს.
ჩვენ ვერ დავრჩებით მეგობრებად.
ვერც გაგიღიმებ ნაძალადევად,როცა ქუჩაში გადამეყრები შემთხვევით.
მაინც იმედი მაქვს,რომ გადამეყრები..
შემოგხედავ და თვალს აგარიდებ,შენ ალბათ ვერც შემამჩნევ,გაივლი ჩვეული სიმშვიდით და სიამაყით,მე კი გავჩერდები და მანამდე გიყურებ,სანამ თვალს არ მიეფარები.
მე არ ვარ სენტიმენტალური.
ჩვენ არ ვართ სენტიმენტალურები.
ამიტომ არ ვგავართ სხვებს და ამიტომ დავამთავრეთ ყველაფერი.
ყველანაირი შანსის და მეგობრობის გარეშე.
იმიტომ,რომ ვიცოდით ღამის 4 საათზე ჩვენი ზღვის სანაპიროზე მარტო მე და შენ შეიძლება ვმსხადარიყავით.
მარტო ჩვენ.
და არა – ცალ-ცალკე.
გინდა,არ მოგატყუო?
მე მაინც მივდივარ ღამის 4 საათზე ჩვენს სანაპიროზე და ვჯდები.
ჩუმად ვუსმენ ზღვას და იმ მუსიკას,ერთად რომ ვუსმენდით.
შენ არ მოდიხარ,დამივიწყე.
მე ყოველთვის ვიარსებებ შენით.
სოლედად
კომენტარები