Archive

Posts Tagged ‘სიყვარული’

წერილი მას

21/02/2011 5 comments

გარეთ თოვს.ლამაზად,ნაზად და გადაუღებლად.
მიუხედავად იმისა,რომ ამ წელიწადს თოვლის აღქმა ძირფესვიანად დავკარგე,ახლა ემოციები შემომაწვა.

ალბათ მაღალმა ტემპერატურამ და შენმა არ ყოფნამ იმოქმედა.და მუსიკამ კიდევ.

რა მგრძნობიარე ვარ.
იცი,როგორ მომენატრე?

არ მეგონა ასე ძალიან თუ მომენატრებოდი.

მე მგონი,ესაა სიყვარული…სულ რომ გენატრება და მასზე ოცნებობ.
პირდაპირ გულს სწვდება შენი არ ყოფნა.


იცი,რა მაცოცხლებს ახლა?

ის,რომ ვიცი სახლში ხარ და ჩვენი სახლები ახლოსაა ერთმანეთთან.

ისე,როგორც ერთ დროს ჩვენი სულები იყვნენ ახლოს.სხეულებიც.
ვიცი,რომ შენც ასევე აღიქვამ ამ თოვლს,როგორც მე.

ან იქნებ არც?

იქნებ არ გიყვარს თოვლი და იქნებ არც ისე განიცდი უჩემობას,როგორც მე წარმომიდგენია?
რამდენი რამ არ ვიცი შენზე…

არ დამაცადე შენი გაცნობა,ვერც შენ გამიცანი ბოლომდე.
იქნებ შენც ისევე კრეფ ჩემს ნომერს ტელეფონის ეკრანზე,როგორც მე და დიდხანს,დიდხანს უყურებ,ყოყმანობ და ბოლოს შლი?

იქნებ შენც გიჩერდება გული წამებით როცა ჩემი სახელი გაჩნდება იმ ფანჯარაში,სადაც ერთი დაწკაპუნება და…ჩვენ ისევ დავახლოვდებით.
ან იქნებ არც?

ასეთი ადვილია ჩვენი დაახლოება ისევ?

იქნებ არც დავშორებულვართ?

იქნებ შენთვის კიდევ ვარსებობ ისეთი,პატარა,უნიკალური გოგონა,რომელსაც ფსიქოლოგიას ვერ დაუნგრევ?
ჩვენ ხომ არ ვართ სხვები?

შენ ხომ სულ ამას მეუბნებოდი?
ისევ გგონია,რომ მე ის ვარ,ვისაც დიდი ხანი ეძებდი?
მე აღარაფერი მგონია.
იცი,ხანდახან ცუდადაც ვფიქრობ შენზე,

ხანდახან სისულელედაც კი მიმაჩნია მიზეზები,

და საერთოდ ცხოვრება..

ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა?

წინასწარ რატომ განვსაზღვრეთ?

რატომ განსაზღვრე?
რატომ არ მკითხე?

რატომ მაფიქრებინებ ახლა,დროის შემდეგ,რომ შენთვის ჩემი აზრი არ იყო მნიშვნელოვანი?
და კიდევ…

ნეტავ,რამდენიმე წუთით შენი აზრების კითხვა შემეძლოს,ხომ მეცოდინება რას ფიქრობ.

ხომ მეცოდინება,გინდა თუ არა მოგწერო.

ისიც ხომ მეცოდინება,მაშინ,მაშინ რას ფიქრობდი,როცა ჩემი თავი მხარზე გედო და მეუბნებოდი,უნდა დავამთავროთო?მართლა გინდოდა,რომ დაგვემთავრებინა?
ან ახლა,ახლა ნანობ?
და იცი,რა მახსენდება?

რომ გამაცილე და მიბრუნდი…წახვედი…

და მე ვიდექი,დიდხანს ვიდექი და გიყურებდი მიმავალს…

და მაშინ,იცი რას ვფიქრობდი?იქნებ ბოლოჯერ ვხედავ-მეთქი.

მინდოდა დამეძახა,დამეყვირა და მეთქვა,რომ მე უკვე შემიყვარდი.

რომ ასეთი გრძნობა არ მქონია არასდროს და რომ ყველაფრისთვის ვიყავი მზად შენი გულისთვის.

მაგრამ ვერაფერი შევძელი.

შენ წახვედი და მე მაშინ მართლაც ბოლოჯერ გნახე.
როგორ მინდა უბრალოდ თვალი მაინც მოგკრა სადმე.უბრალოდ,შორიდან,შენი თვალები ისევ დავინახო.
შენთვის წამოსული არც ერთი ცრემლი არ მენანება,იმიტომ,რომ ვიცი,ნამდვილი გრძნობითაა გამოწვეული.

scientists find drug to erase memories

06/11/2010 7 comments

ზოგი მოგონება ყოველთვის იშლება გონებიდან.

გავიწყდება და სამუდამოდ წარსულის საკუთრება ხდება.

მერე რაღაც მომენტში ბუნდოვნად გახსენდება და რაც არ უნდა დაძაბო გონება,ბოლომდე ვერ აღიდგენ.

 

ჩემთანაც არსებობს ურთიერთობა,რომელიც თავისი უმნიშვნელო ხასიათით წარსულის საკუთრება დარჩა.

ასეთ დროს არც იმაზე ფიქრობ,რომ ფურცელზე გადაიტანო შენი სიტუაცია და არც იმაზე,რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის.

ეს ნელ–ნელა მოდის.

ეს არ იყო რომანტიკული ურთიერთობა,არც ორიგინალურობაზე ჰქონდა პრეტენზია და არც ინტერესით გამოირჩეოდა.

ეს იყო უბრალოდ,ცოტაოდენ ვნებაზე დაყრდნობილი ურთიერთობა,ჩვენ გვიზიდავდა ერთმანეთი.

მე – მისი უცნაური ცხოვრება და მას,როგორც თვითონ ამბობდა – ჩემი გულწრფელობა.

ჩვენ ყოველ კვირა დღეს ვხვდებოდით ერთმანეთს.

მას თავისთან მივყავდი სახლში და მთელ დღეს მე მითმობდა.

აკეთებდა ყველაფერს,რასაც ვთხოვდი,მელაპააკებოდა ყველაფერზე,რაც მაინტერესებდა და მოკლედ,მექცეოდა ისე,როგორც ნებისმიერ გოგოს ესიამოვნება.

ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი.

–ნუ მკბენ,რა..მერე მეტყობა ხოლმე და უხსენი კიდე იმათ,რა და როგორ…

–ვინ იმათ?

–აი იმათ,რა..გოგოებს.

ჩემთვის უცხო იყო ეჭვიანობა.სამაგიეროდ,მიზიდულობა – ნაცნობი.

ის მზრუნველი იყო და თბილი.ყოველთვის მიკონტროლებდა იმას,თუ სად მივდიოდი და რა მეცვა,მე კი ყოველთვის მიკვირდა რა საერთო შეიძლება ჰქონოდა ასეთ ინტერესებს ჩვენს ურთიერთობასთან.

მე გულწრფელი ვიყავი და გულუბრყვილო.

მაგრამ თურმე ჰქონდა.

ცოტახანში მან ჩემი მოფერება შეწყვიტა და გამომიცხადა,რომ აღარასდროს გვექნებოდა ისეთი ურთიერთობა,როგორიც მანამდე გვქონდა,რადგან მისთვის მიუღებელი ყოფილა ერთდროულად – მე და ჩემ მიმართ გაჩენილი სიყვარულის ბუშტუკები.

მან იმ საღამოს კიდევ ბევრი ილაპარაკა,მე კი მივხვდი,რომ ის აღარ იყო საინტერესო და მზრუნველი.მასში ვალდებულებები გაჩნდა.

მერე დღეს,მე სხვა შემიყვარდა.

წლებია უკვე.ის ყოველთვის პოულობს დროს წლებს შორის,რომ თავი შემახსენოს.

მირეკავს და მეკითხება:

“–მარტო ხარ?”

 

მე არასდროს ვარ მარტო.

ალასკა

 

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მაშინ,როდესაც ჩემი ქვეყნიდან წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე.

მე ერთი ლამაზი ქვეყნიდან ვარ,რომელსაც მთები აკრავს გარშემო.

ამ მთებზე თოვლი თითქმის არ დნება და ყოველთვის ულამაზესი სანახავია.

ყველაზე წითელი შემოდგომა იცის და ოქტობრის თვეში ქუჩაში მოსეირნეს ყვითელი ფოთლები გეხლართება თმაში.

 

მე ვხატავ.

სამ თვეში ერთხელ,პარასკევ დღეს ერთ ვიწრო ქუჩაზე,პატარა გალერეაში გამოფენას ვაწყობ.

სახლიდან იშვიათად გავდივარ და როცა გავდივარ,მეშინია,ხატვა არ მომინდეს და მყუდრო ადგილი ვერ ვიპოვო.

ჩვენს დედაქალაქში ძალიან ცოტა ადგილია მყუდრო და ალბათ მაგიტომ.
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო,როცა რუტინა გბეზრდება.

თუ არ დამდგარა ჯერ,დაელოდეთ,აუცილებლად დადგება,რაც არ უნდა იდეალური იყოს ის.

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა.

მომბეზრდა ჩემი დილა,ყავა,სიგარეტი,იგივე გარემო,ძველი მოლბერტი და ერთი და იმავე იდეით გადაბმული ნახატები.

ჩემოდანი გადმოვიღე და…

 
მე უკვე ორი წელია,ალასკაზე ვცხოვრობ.

აქაურობა ულამაზესია.

მართალია მთები საერთოდ არაა,მაგრამ სამაგიეროდ ოკეანეა,რომელიც ყოველთვის გაყინულია,როცა მე მის სანაპიროზე ვსეირნობ.

თითქმის ყოველთვის ცივა.

მე აქაც იშვიათად გავდივარ გარეთ,ამიტომ ძირითადად ბუხართან ვზივარ,ვხატავ და მუსიკას ვუსმენ.

 


აქ რომ ჩამოვედი,ყველაფერი შევცვალე.მე ხომ მობეზრებული მქონდა რუტინა?

ახალი მოლბერტი ვიყიდე,ახალი ფანქრები,ბევრი ფურცელი და თქვენ წარმოიდგინეთ,განსხვავებულ მუსიკასაც ვუსმენ.

მეგობრები არ მყავს.არც მჭირდება,ამას ოთხი დღის წინ მივხვდი,როცა ამდენი ხნის შემდეგ ლუდი მარტომ დავლიე.

მთელი საღამო ვსვამდი,ბოლოს რამდენიმე წუთი ისტერიულად ვიცინოდი და სწორედ მაშინ მივხვდი,რომ მეგობრები არ მჭირდება.

მხოლოდ ის მჭირდება,რომ არ მციოდეს,ჩემი მეგობრები კი ვერასდროს მათბობდნენ.

 
აქ,ალასკაზე,მხოლოდ ერთი გალერეა და რამდენიმე მხატვარია.

მე ყველას ვიცნობ პირადად და ძირითადად ერთად გვაქვს ხოლმე გამოფენები,რა თქმა უნდა,ყოველ პარასკევს.

ეს დღე მე შევარჩიე.

ერთხელ,როცა მორიგი გამოფენა მქონდა,ერთი ბიჭი გავიცანი,ფოტოგრაფი.

ეს ერთი წლის წინ იყო.იმის მერე ყოველ პარასკევს,გამოფენის შემდეგ ჩემთან მოდის და ჩვენ ერთად ვიძინებთ.

არა,ჩვენ არ გვაქვს სექსი,ჩვენ უბრალოდ ერთად გვძინავს.

მე შეგნებული მაქვს,რომ ეს მხოლოდ პარასკევობით ხდება,მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვშლი მისთვის ლოგინს.

არა,არ მიყვარს,ეგ როგორ იფიქრეთ,არც ასეთი სენტიმენტალური ვარ.

 

 

ის ყოველთვის მეფერება,მთელ სხეულს მიკოცნის.

რამდენჯერმე უფრო მეტიც მოინდომა,მაგრამ მე შევაჩერე,არ მინდოდა.

ასე უფრო კარგია.

ასე უფრო ლამაზია ყველაფერი.

მერე ვიძინებ და მესიზმრება,როგორ მიღებს მძინარეს ფოტოებს,ეს ძალიან რეალურია,ალბათ ამიტომ,რომ მეორე დილას ამ ფოტოებს მის აპარატში ვნახულობ.

ვდგები,შიშველი გავდივარ სამზარეულოში და ყავას ვდგამ.

ჩვენ ერთად ვეწევით,მერე ის მეკითხება,შეიძლება თუ არა,რომ მაკოცოს,მე ვუღიმი და თავს ვუქნევ.

ის მკოცნის და მიდის.

 
ჩვენ ალასკაზე ვცხოვრობთ,სადაც ოკეანე ყოველთვის გაყინულია და არავის იცის,სად არიან ამ დროს იხვები.

ჩვენ ყოველ პარასკევს ვხვდებით ერთმანეთს,ის მეფერება და მე ვთბები.

 
მე შემიძლია ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე.

 

 

Roses are red,violets are blue… Fuck you,whore!

22/06/2010 2 comments
უმეტესობას ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი,როდესაც ძალიან,ძალიან გიყვარდება ვინმე.
ეს “ძალიან” კი იმხელაა,რომ ნაკლებად აქცევ ყურადღებას,შენი სიყვარული სრულყოფილია,თუ უბრალოდ,ბანალურად – ცალმხრივი.
შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ.
აქვე ორი უკიდურესობა ჩნდება: ან იმაზე მეტად უყვარხარ შენს რჩეულს,ვიდრე შენ,მაგრამ ამას ვერ ამჩნევ და ან ამ უკანასკნელს საერთოდ არ უყვარხარ,უბრალოდ დროებითი გართობა ხარ მისთვის და..ამასაც ვერ ამჩნევ.
ვინმეს (და დარწმუნებული ვარ ეს ვინმე საკმაოდ ბევრია) თუ გამოუცდია ასეთი სახის იმედგაცრუება,იმას აუცილებლად ეცოდინება,რომ ერთადერთი დაზარებული ასეთი ურთიერთობიდან მხოლოდ ის გამოდის,ვისაც უყვარს და დაბრმავებულია თავისი სიყვარულით.
დაბრმავებული,რა,ის უბრალოდ ბედნიერია.
როდესაც შენ თვლი,რომ სიყვარული ყველაზე კარგი რამაა რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო,ხოლო შენი საყვარელი ადამიანისთვის ეს უბრალოდ მითია,როგორც სანტა კლაუსი,მაშინ შეგიძლია ჩათვალო,რომ შენი ბედნიერება დროებითია და წინ იმედგაცრუებებით და უაზრობით დატვირთული დღეები გელის.
Tom: What happens when you fall in love?
Summer: You believe in that?
Tom: It’s love, it’s not Santa Claus.
ამიტომ დატკბი,სანამ შეგიძლია გიყვარდეს შენი საყვარელი ადამიანის ღიმილი,ხმა,სურნელი,შეხება,საუბარი…
გიყვარდეს ის,თუ როგორ ჭუტავს თვალს,როგორ სეირნობთ ერთად,როგორ გკოცნის და საერთოდ გიყვარდეს მისი ყველაფერი.
თორემ,დადგება დღე,როდესაც მას მობეზრდება შენთან დროებითი ყოფნა,უფუნქციო,უსახელო და გადაწყვეტს აღარ გნახოს.
ამიტომ ორი ვარიანტია: ან შენი ბედნიერება გვერდზე გადადო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა,ან საერთოდ არ შეგიყვარდეს.
მე მაინც მეორეს გირჩევდით.
ხო.ნუ ამის წერა იმიტომ კი არ დამიწყია,რომ ცალმხრივად ვარ შეყვარებული,ან ჩემი მეგობარი ბიჭი მხოლოდ ერთობა ჩემთან..
არა.
მე “500 Days of Summer” ვუყურე.
Narrator: This is a story of boy meets girl. But you should know up front, this is not a love story.
ეს არის ფილმი,სადაც ძალიან ორიგინალურად,ცხოვრებისეულად და რაც მთავარია რეალურად ჩანს ის,რაზეც მე ვილაპარაკე.
ეს არის ფილმი მათზეც,ვისაც სიყვარული დაუკარგავს და იმედგაცრუება ჰქონია.
ეს არის ფილმი დიდ სიყვარულზე,რომელსაც ხშირად მომავალი არ უწერია.
ასე რომ,უყურეთ ამ ფილმს,გიყვარდეთ ერთმანეთი და ისეთი სირობა არ გააკეთოთ,როგორიც სხვის გრძნობებზე თამაშია.
With Love