Archive
სასო–წარკვეთა
ვერ ვიტან ადამიანებს,რომელთა ცხოვრებისეული კრედო მაზუხისმია.
ალბათ გაგიკვირდებათ და არარეალურად ჩათვლით ამას,ან იფიქრებთ,რომ ფიზიკურ მაზუხიზმს ვგულისხმობ.
არა,თქვენ შეცდით ახალგაზრდებო.
მრავლად არსებობენ ადამიანები,რომლებიც სხდებიან,იკეთებენ შავ სათვალეს და იწყებენ ცხოვრების ამაოებაზე ფიქრს.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტაფორულად.
რეალურად კი,დადიან,
იქმნიან იმიჯს..ყველაზე მაგარი,უნაკლო გოგოებისა და ბიჭების და ცდილობენ გაისისხლხორცონ.
დადიან,
და იძენენ მეგობრებს,
საყვარელ ადამიანებს,
უბრალოდ ნაცნობებს ხიბლავენ თავიანთი არაადამიანური ქარიზმით,
ეპირფერებიან და ლამისაა პირი გაეხეთ ღიმილისგან.
ასეთი ადამიანები ძირითადად სასურველი სარძლოები არიან,რომლებიც დილის 8საათზე გადიან სახლიდან სასწავლებელში,მიდიან მარშუტკით,ყოველ ეკლესიასთან პათოლოგიურად იწერენ პირჯვარს და რამდენჯერმე იღებენ ჩანთიდან სარკეს “მაკიაჟის” შესასწორებლად.
კეთილსინდისიერად ესწრებიან ყველა ლექციას და ასევე დროზე ბრუნდებიან სახლში,სანამ დაბნელდება მანამდე.თორემ გვიან რომ მივიდეს,რას იფიქრებს ჩუმად მოთვალთვალე მეზობელი? შერცხვება ოჯახი.
სახლში მისული ივახშმებს,სამარხვო შოკოლადს დააყოლებს და ბედნიერი და წმინდა (!) სოციალურ ქსელზე დაალაიქებს გვერდს სახელად “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი”.
ეს ყველაზე ბედნიერი გოგოა მთელს სამყაროში.
რადგან მან იცის,რომ მისი ასეთი საქციელი ოდესმე აუცილებლად დაფასდება და ვინმე “კარგი ოჯახის შვილი” აუცილებლად “წაიყვანს” მას.
ეს სირთულეა.
ბიჭებთან კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე.
ისინი არც ისეთი კლდემამოსილები არიან და არც ისეთი წმინდები,თუმცა განუწყვეტლივ ეძებენ ასეთ გოგოებს.
ყველას,ვინც მათ “გემოვნებაში” არ ჯდება ნაშას ეძახიან და ხარობენ.
თუმცა ისინიც ამავე წარმატებით ლაპარაკობენ რელიგიაზე,ქალიშვილობის ინსტიტუტზე და ყველაფერზე,რაც უბრალოდ ადამიანის პირადია,ღიად,მაგრამ არასდროს მოიყვანენ “სხვის ნახმარ გოგოს” ცოლად.
ასეთებიც ყოველთვის ბედნიერები არიან,რადგან ისინი განსაკუთრებული სისათუთით არჩევენ პატიოსან გოგოს,სვამენ სახლში და თვითონ სამსახურში მიდიან.
ოღონდ ერთი პრობლემაა.
ისინი ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ (საერთოდ რას მიჯნავენ ერთმანეთისგან ეს უცნობია მაგრამ განსაკუთრებით…) თამაშს და მსახიობობას.
მოთამაშე არის ადამიანი,რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მოირგებს ნებისმიერ როლს,თუმცა ასევე წარმატებით მოიშორებს ამ როლს თავიდან.
აი მსახიობი ადამიანი კი ეცდება მოირგოს სასურველი როლი,ეს ან გამოუვა წარმატებით,ან არა (თუმცა უმეტეს შემთხვევაში არა) და ეს გაურთულებს..ზოგადად ცხოვრებას.
ჩვენში ეს სიტუაცია ნაცნობია.
განსაკუთრებით კი ჩემში.
მოიხსენით ნიღბები ადამიანებო.
მეტროში
შემოდგომა იყო თბილისში.
ერთი ისეთი საღამო იყო,შებინდებისას რომ დაუშვებს ხოლმე წვიმა და რამდენიმე საათი გაუჩერებლად,მშვიდად წვიმს.
გვიანი იყო,მე უკვე სახლში მივდიოდი,ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარელი ტრასპორტით-მეტროთი.
კიბეები რომ დასრულდა და შევუხვიე,ვაგონისთვის რომ დამეცადა,ერთი ბიჭი “დავლანდე”.
ზოგადად,წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,გოგოები ბიჭებს არ “ლანდავენ”,ისინი ბიჭებს თავიდან ფეხებამდე ერთი შეხედვით ზომავენ და მერე ისეთ სახეს იღებენ,თითქოს საერთოდ არ დაენახათ.
ბიჭის გონება კი უფრო ნელა მუშაობს,ის შემოგხედავს,გაკვირდება,არც იუხერხულებს,რომ დაჟინებით მოგშტერებია და მაინც ვერ მიხვდება იმდენს შენზე,რამდენსაც შენ მიხვდი.
ზოგადად ეს ასეა.აი ის ბიჭი კი,მე რომ კიბეებზე ჩასვლისთანავე დავინახე,ეგეთი არ იყო.
ის მოთამაშე იყო.
არსებობენ ეგეთი კატეგორიის ბიჭები,ყველაფერს რომ იზამენ ისეთები რომ გამოჩნდნენ,როგორებიც არ არიან,თუმცა უნდათ,რომ იყონ.
ამ ჩემს ბიჭს ხელში წიგნი ეჭირა,კედელს იყო მიყრდნობილი და კითხულობდა.
უკვე გვიანი იყო და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა რამდენიმე ადამიანი.
რომ შევედი,ამომხედა,ღრმა,საქმიანი თვალები შემომანათა და ისევ ჩაიხედა თავის წიგნში.
მე ვგიჟდები კითხვაზე.შესაბამისად ყოველთვის მაინტერესებს ის ადამიანი,რომელიც ჩემსავით კითხულობს და თან ჩემსავით-მეტროშიც.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ ეს ჩემი ბიჭი საკმაოდ სიმპათიურიც იყო.
მე იქვე ახლოს მივეყრდენი იმავე კედელს და ისე,ჩემთვის ჩამეღიმა.
ცოტა ხანში გავხედე და ის არ კითხულობდა,ყველანაირი უხერხულობის გარეშე მიყურებდა და მიღიმოდა.
მეც კიდევ ერთხელ გავუღიმე.
მოკლედ,ჩვენ მატარებლის მოსვლამდე ერთგვარი ვირტუალური ურთიერთობა დავამყარეთ.
ამ ღიმილში და უცნაურ განცდაში მატარებელიც ჩამოდგა.
მან სიგარეტი ჩააქრო,ისევ გაიღიმა,ოღონდ ამჯერად სადღაც,უსასრულობაში გაიღიმა და შევიდა.
მეც შევედი.
მე დავჯექი,ის იქვე ახლოს დადგა.
წიგნი ისევ გადაშლილი ჰქონდა,თუმცა ხანდახან,თავდახრილი,მზერას გამოაპარებდა და ისევ იღიმოდა.
ჩვენ დავინტერესდით ერთმანეთით.
მიუხედავად ამისა,მე არ ვიმჩნევდი.
ყურსასმენები მქონდა ყურებში,საყვარელ მუსიკას ვუსმენდი და ფეხის მოძრაობით ვყვებოდი.
ეს უფრო აღიმებდა.
საბოლოოდ,ჩემს ჩამოსვლამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდა,ისე რომ არც მობრუნებულა მშვიდად ხელი დამიქნია და გაისეირნა.
მატარებელი დაიძრა.ისე,რომ მე გასვლა ვერ მოვასწარი.
მას არ მოუხედავს.მიდიოდა ისევ თავდახრილი და ვინ იცის რას ფიქრობდა.
აი მე კი,რომ გავსულიყავი…
მატარებელი ჩამოდგა.
მე ჩამოვედი,მეორე მხარეს გადავედი და იმ მატარებელში ჩავჯექი,რომელიც ჩემს ბიჭთან მიმიყვანდა.იქნებ კიდევ გაეღიმა ჩემთვის…
მივედი,მაგრამ ვერ ვიპოვე.
მე ის ვეღარ ვიპოვე.ეს ყველაფერი ზუსტად ოც წუთში მოხდა.
ოცი წუთის წინ,ფეხდაფეხ რომ გავყოლოდი მას…გადმოვსულიყავი ვაგონიდან და გავყოლოდი.
ოცი წუთით ადრე:
მე გამოვედი ვაგონიდან.
ის წინ მიდის.
მშვიდად,აუღელვებლად.
მიდის და მის სახეს ვერ ვხედავ.
თუმცა ვგრძნობ,როგორ იღიმის.
მალე ვეწევი და უკვე გვერდი-გვერდ დავდივართ.
ის ჩერდება,სახეში მაშტერდება და მიღიმის.
მე ვეუბნები,რომ დაბადების დღე მაქვს და ვთხოვ,რომ სახლამდე მიმაცილოს.
ის ხელს მკიდებს და…
მე ვუბრუნდები რეალობას.
მე მას დავედევნე,მაგრამ გვიანი იყო.
საერთოდ,გვიანია.
სახლიდან მირეკავენ,მალე უნდა მივიდე.
მატარებელი მოდის,შევდივარ და ვხედავ ბიჭს,რომელიც წიგნს კითხულობს.
მე შევდივარ,ის მაღლა იხედება და მიღიმის.
სახლში მაგვიანდება…
კომენტარები