Archive
წერილი მას
გარეთ თოვს.ლამაზად,ნაზად და გადაუღებლად.
მიუხედავად იმისა,რომ ამ წელიწადს თოვლის აღქმა ძირფესვიანად დავკარგე,ახლა ემოციები შემომაწვა.
ალბათ მაღალმა ტემპერატურამ და შენმა არ ყოფნამ იმოქმედა.და მუსიკამ კიდევ.
რა მგრძნობიარე ვარ.
იცი,როგორ მომენატრე?
არ მეგონა ასე ძალიან თუ მომენატრებოდი.
მე მგონი,ესაა სიყვარული…სულ რომ გენატრება და მასზე ოცნებობ.
პირდაპირ გულს სწვდება შენი არ ყოფნა.
ის,რომ ვიცი სახლში ხარ და ჩვენი სახლები ახლოსაა ერთმანეთთან.
ისე,როგორც ერთ დროს ჩვენი სულები იყვნენ ახლოს.სხეულებიც.
ვიცი,რომ შენც ასევე აღიქვამ ამ თოვლს,როგორც მე.
ან იქნებ არც?
იქნებ არ გიყვარს თოვლი და იქნებ არც ისე განიცდი უჩემობას,როგორც მე წარმომიდგენია?
რამდენი რამ არ ვიცი შენზე…
არ დამაცადე შენი გაცნობა,ვერც შენ გამიცანი ბოლომდე.
იქნებ შენც ისევე კრეფ ჩემს ნომერს ტელეფონის ეკრანზე,როგორც მე და დიდხანს,დიდხანს უყურებ,ყოყმანობ და ბოლოს შლი?
იქნებ შენც გიჩერდება გული წამებით როცა ჩემი სახელი გაჩნდება იმ ფანჯარაში,სადაც ერთი დაწკაპუნება და…ჩვენ ისევ დავახლოვდებით.
ან იქნებ არც?
ასეთი ადვილია ჩვენი დაახლოება ისევ?
იქნებ არც დავშორებულვართ?
იქნებ შენთვის კიდევ ვარსებობ ისეთი,პატარა,უნიკალური გოგონა,რომელსაც ფსიქოლოგიას ვერ დაუნგრევ?
ჩვენ ხომ არ ვართ სხვები?
შენ ხომ სულ ამას მეუბნებოდი?
ისევ გგონია,რომ მე ის ვარ,ვისაც დიდი ხანი ეძებდი?
მე აღარაფერი მგონია.
იცი,ხანდახან ცუდადაც ვფიქრობ შენზე,
ხანდახან სისულელედაც კი მიმაჩნია მიზეზები,
და საერთოდ ცხოვრება..
ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა?
წინასწარ რატომ განვსაზღვრეთ?
რატომ განსაზღვრე?
რატომ არ მკითხე?
რატომ მაფიქრებინებ ახლა,დროის შემდეგ,რომ შენთვის ჩემი აზრი არ იყო მნიშვნელოვანი?
და კიდევ…
ნეტავ,რამდენიმე წუთით შენი აზრების კითხვა შემეძლოს,ხომ მეცოდინება რას ფიქრობ.
ხომ მეცოდინება,გინდა თუ არა მოგწერო.
ისიც ხომ მეცოდინება,მაშინ,მაშინ რას ფიქრობდი,როცა ჩემი თავი მხარზე გედო და მეუბნებოდი,უნდა დავამთავროთო?მართლა გინდოდა,რომ დაგვემთავრებინა?
ან ახლა,ახლა ნანობ?
და იცი,რა მახსენდება?
რომ გამაცილე და მიბრუნდი…წახვედი…
და მე ვიდექი,დიდხანს ვიდექი და გიყურებდი მიმავალს…
და მაშინ,იცი რას ვფიქრობდი?იქნებ ბოლოჯერ ვხედავ-მეთქი.
მინდოდა დამეძახა,დამეყვირა და მეთქვა,რომ მე უკვე შემიყვარდი.
რომ ასეთი გრძნობა არ მქონია არასდროს და რომ ყველაფრისთვის ვიყავი მზად შენი გულისთვის.
მაგრამ ვერაფერი შევძელი.
შენ წახვედი და მე მაშინ მართლაც ბოლოჯერ გნახე.
როგორ მინდა უბრალოდ თვალი მაინც მოგკრა სადმე.უბრალოდ,შორიდან,შენი თვალები ისევ დავინახო.
შენთვის წამოსული არც ერთი ცრემლი არ მენანება,იმიტომ,რომ ვიცი,ნამდვილი გრძნობითაა გამოწვეული.
ალასკა
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მაშინ,როდესაც ჩემი ქვეყნიდან წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე.
მე ერთი ლამაზი ქვეყნიდან ვარ,რომელსაც მთები აკრავს გარშემო.
ამ მთებზე თოვლი თითქმის არ დნება და ყოველთვის ულამაზესი სანახავია.
ყველაზე წითელი შემოდგომა იცის და ოქტობრის თვეში ქუჩაში მოსეირნეს ყვითელი ფოთლები გეხლართება თმაში.
მე ვხატავ.
სამ თვეში ერთხელ,პარასკევ დღეს ერთ ვიწრო ქუჩაზე,პატარა გალერეაში გამოფენას ვაწყობ.
სახლიდან იშვიათად გავდივარ და როცა გავდივარ,მეშინია,ხატვა არ მომინდეს და მყუდრო ადგილი ვერ ვიპოვო.
ჩვენს დედაქალაქში ძალიან ცოტა ადგილია მყუდრო და ალბათ მაგიტომ.
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო,როცა რუტინა გბეზრდება.
თუ არ დამდგარა ჯერ,დაელოდეთ,აუცილებლად დადგება,რაც არ უნდა იდეალური იყოს ის.
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა.
მომბეზრდა ჩემი დილა,ყავა,სიგარეტი,იგივე გარემო,ძველი მოლბერტი და ერთი და იმავე იდეით გადაბმული ნახატები.
ჩემოდანი გადმოვიღე და…
მე უკვე ორი წელია,ალასკაზე ვცხოვრობ.
აქაურობა ულამაზესია.
მართალია მთები საერთოდ არაა,მაგრამ სამაგიეროდ ოკეანეა,რომელიც ყოველთვის გაყინულია,როცა მე მის სანაპიროზე ვსეირნობ.
თითქმის ყოველთვის ცივა.
მე აქაც იშვიათად გავდივარ გარეთ,ამიტომ ძირითადად ბუხართან ვზივარ,ვხატავ და მუსიკას ვუსმენ.
აქ რომ ჩამოვედი,ყველაფერი შევცვალე.მე ხომ მობეზრებული მქონდა რუტინა?
ახალი მოლბერტი ვიყიდე,ახალი ფანქრები,ბევრი ფურცელი და თქვენ წარმოიდგინეთ,განსხვავებულ მუსიკასაც ვუსმენ.
მეგობრები არ მყავს.არც მჭირდება,ამას ოთხი დღის წინ მივხვდი,როცა ამდენი ხნის შემდეგ ლუდი მარტომ დავლიე.
მთელი საღამო ვსვამდი,ბოლოს რამდენიმე წუთი ისტერიულად ვიცინოდი და სწორედ მაშინ მივხვდი,რომ მეგობრები არ მჭირდება.
მხოლოდ ის მჭირდება,რომ არ მციოდეს,ჩემი მეგობრები კი ვერასდროს მათბობდნენ.
აქ,ალასკაზე,მხოლოდ ერთი გალერეა და რამდენიმე მხატვარია.
მე ყველას ვიცნობ პირადად და ძირითადად ერთად გვაქვს ხოლმე გამოფენები,რა თქმა უნდა,ყოველ პარასკევს.
ეს დღე მე შევარჩიე.
ერთხელ,როცა მორიგი გამოფენა მქონდა,ერთი ბიჭი გავიცანი,ფოტოგრაფი.
ეს ერთი წლის წინ იყო.იმის მერე ყოველ პარასკევს,გამოფენის შემდეგ ჩემთან მოდის და ჩვენ ერთად ვიძინებთ.
არა,ჩვენ არ გვაქვს სექსი,ჩვენ უბრალოდ ერთად გვძინავს.
მე შეგნებული მაქვს,რომ ეს მხოლოდ პარასკევობით ხდება,მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვშლი მისთვის ლოგინს.
არა,არ მიყვარს,ეგ როგორ იფიქრეთ,არც ასეთი სენტიმენტალური ვარ.
ის ყოველთვის მეფერება,მთელ სხეულს მიკოცნის.
რამდენჯერმე უფრო მეტიც მოინდომა,მაგრამ მე შევაჩერე,არ მინდოდა.
ასე უფრო კარგია.
ასე უფრო ლამაზია ყველაფერი.
მერე ვიძინებ და მესიზმრება,როგორ მიღებს მძინარეს ფოტოებს,ეს ძალიან რეალურია,ალბათ ამიტომ,რომ მეორე დილას ამ ფოტოებს მის აპარატში ვნახულობ.
ვდგები,შიშველი გავდივარ სამზარეულოში და ყავას ვდგამ.
ჩვენ ერთად ვეწევით,მერე ის მეკითხება,შეიძლება თუ არა,რომ მაკოცოს,მე ვუღიმი და თავს ვუქნევ.
ის მკოცნის და მიდის.
ჩვენ ალასკაზე ვცხოვრობთ,სადაც ოკეანე ყოველთვის გაყინულია და არავის იცის,სად არიან ამ დროს იხვები.
ჩვენ ყოველ პარასკევს ვხვდებით ერთმანეთს,ის მეფერება და მე ვთბები.
მე შემიძლია ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე.
კომენტარები