მთავარი > Drugs > ვირტუალური ინტერვიუ გალაკტიონთან

ვირტუალური ინტერვიუ გალაკტიონთან

ღამის თორმეტია თითქმის. არ ვიცი, რა მჭირს, უაზრო ხასიათზე ვარ, არაფრის გამო თვალებიდან ცრემლები მომდის, გარეთ გავდივარ. სიბნელეა, ღამე… სადღაც პარკში, რომელიღაც სკამზე დავჯექი. ვფიქრობ… რაზე? სიკვდილზე… ჰო, არ მშორდება მასზე ფიქრი. ვცადე, მივმხვდარიყავი, რა გრძნობა აქვს კაცს სიკვდილის წინ და რამდენიმე წამით სუნთქვა შევიკავე… ემოცია? ისეთი არაფერი, თავიდან გულისცემას ყელში გრძნობ, მერე ხმები შორიდან გესმის,  მერე თითქოს ყურები წივილს გიწყებს და ყველაფერი ნელდება… ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ ტკბილია სიცოცხლე… რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, ეს ხომ აღიარებაა იმისა, რომ არ შეგიძლია თვალი გაუსწორო სინამდვილეს და ხსნას სიკვდილში ეძებ. არადა, დიადი ადამიანები ხშირად ფიქრობენ ამაზე…  გალაკტიონი… ხუთჯერ სცადა თვითმკვლელობა… ნეტავ რატომ? სულ რამდენიმე წუთით მაინც რომ შემეძლოს ამ კითხვის მისთვის დასმა.

გვერდით უსახლკარო მოხუცი მომიჯდა, ფული მთხოვა, დარჩენილი ხურდა დაუნანებლად დავუყარე გაყინულ ხელისგულზე. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი… ისევ გამიღიმა, გრძელი წვერის ქვეშ კეთილი ღიმილი შევნიშნე… მეც გავუღიმე…

სკამიდან ავდექი და გზა გავაგრძელე. დაუფიქრებლად შევედი რომელიღაც დიდ შენობაში, კიბე ავიარე, ერთი სართული, მეორე და ასე, ბოლომდე… და ოთახში აღმოვჩნდი. ისე დავიღალე, გადავწყვიტე, მასპინძელი მენახა და მეთქვა, რომ ცოტა ხნით… აი, ისიც, ამ ოთახის მასპინძელი. გავგიჟდი, რა ხდება? ეს ხომ ის კაცია, წეღან პარკში რომ… როგორ ჰგავს…

– ისევ მე ვარ, მე…

– თქვენ?

– მალე შენი თვალით ნახავ ყველაფერს…

– რას?

– დიდი გენიის სიკვდილს…

– ალბათ, სჯობს, ვინმეს დავუძახო.

– აქ არავინაა ჩვენ გარდა. შენ როგორ აღმოჩნდი აქ. ალბათ ძალიან მოინდომე და…

– მეე? მე დასასვენებლად შემოვედი და თქვენ გადაგეყარეთ.

– გგონია ეს შემთხვევითია?!

– უკაცრავად, მე წავალ…

– ჰო, მე და ღამეს, დღეს კომპანიონობას შენ გაგვიწევ. დაინახე მთვარე? რა წყნარია, სულ ასეთია, როცა თავს ვიკლავ. ამას მანამდე მივხვდი, სანამ მოვკვდებოდი, ამიტომაც დავწერე… სანამ ისევ თავს არ მოვიკლავ, აქედან ვერ გახვალ!

– ვერ გავალ? აი, ნახეთ, თუ ვერ გავალ.

ვუთხარი და ოთახიდან გავედი, მაგრამ…  ისევ უკან, ოთახში აღმოვჩნდი. ბოლოს გაოცებული დავჯექი და წავილუღლუღე:

– გისმენთ.

– ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მკითხეთ რამე…

– კარგი, მაშინ  მითხარით, თავს რატომ იკლავთ?

– შენც ბოლოდან იწყებ? რა გაეწყობა, შევეცდები, გიპასუხო: როცა პირველად თავის მოკვლა ვცადე და არაფერი გამომივიდა, აი, რა ჩავწერე დღიურში: «შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა, ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია, მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე… მშვიდია ეს ღამე, როგორც ბავშვის ძილი ან სამუდამო სიკვდილი. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი. გწყურია გამოიტანო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიო ეს მყუდროება, გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი, ისეთი სიბნელეა, რომ მინდა სახლიდან გამოვიტანო საცერი და მით ვუცქირო ამ წყვდიად სახეს, კერპი თვალი უსათუოდ დაინახავს გესლიანად მომღიმარ დემონს. სულს დაეპატრონენ ავი სულები. დამხრჩვალია სული, მოითხოვს შველას»…

მეორეჯერ მელანი დავლიე, მაგრამ ისევ გადავრჩი და მივხვდი, რომ თვითმკვლელობის მცდელობა კიდევ ერთი საშუალებაა, თავი გიჟად გააცნო საზოგადოებას. იმასაც მივხვდი, რომ საჭიროა შეიქმნას გმირი, რომელსაც ერქმევა გალაკტიონი…

მივხვდი, რომ ქართველ საზოგადოებას სჭირდებოდა მეამბოხე, ბოჰემური ცხოვრების მოყვარული ადამიანი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს ერთი ამაყი და თავმოყვარე ქალი, რომელმაც პოეტის სიყვარულზე არაფერი იცის.

– პოეზიაში მაინც თუ იყავით გულწრფელი, ცხოვრებაში ხომ სულ თამაშობდით?

– სულაც არ ვთამაშობდი, მხოლოდ ერთხელ მოვირგე ნიღაბი და ისე შევისისხლხორცე, რომ ვეღარც კი ვამჩნევდი, ჩემი იყო თუ არა. დიდი ხნიდან დავეძებ სიკვდილს… ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით, იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულისცემა, ეს აღელვებული და მხურვალე სისხლი, ეს მტანჯველი ტკივილები ნერვების. მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სურვილი არსებობისა აღარ მაქვს. ზოგჯერ მთვრალი შევუვლიდი მწერალთა კავშირის შეკრებებს და გესლიანად, ხმამაღლა, თითქოს მთელი სამყაროს გასაგონად ვიტყოდი: «კრება გაქვთ, მწერლებო?» ხშირად მთვრალი არც ვიყავი, წვერს დავისველებდი და ესაა. მწერალთა კავშირს ვთხოვდი წერილებით, გამოეყოთ ჩემთვის ქურთუკი, პურის ფული, შეშა გასათბობად… ბოლოს დამღალა ამდენმა ტყუილმა, სიყალბემ და გადავწყვიტე, აღარ დამემძიმებინა დედამიწა.

– უბედური იყავით?

– პირიქით, ძალიან ბედნიერი… ვიყავი გიჟი გალაკტიონი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება.

– სიყვარულზე ბევრი ლექსი გაქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამოხსენით რა ფენომენია?

– ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი მეუღლე, ოლღა იყო: «გწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ!.. მე მგონია შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს სტკენს», – ვწერდი ოლიას და ეს სიმართლე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ისევ მარტო დავრჩი… თუმცა… თუ მართლაც  გულახდილი ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში მხოლოდ მერი მიყვარდა, თუმცა ეს არც კი იცოდა…

– რატომ?

– იმიტომ, რომ მეშინოდა… უცებ სრულიად ნორმალური, ინტელიგენტი პოეტი ხომ არ გამოვცხადდებოდი მწერალთა კავშირის სხდომაზე, საგანგებოდ დაუთოებული პიჯაკითა და ჯიბეში სავარცხლით… ან მერისთან ხომ ვერ მივიდოდი და ვეტყოდი: იცით, მსურს სიცოცხლე თქვენ გვერდით გავატარო, მე თქვენ თავდავიწყებით მიყვარხართ… ეს გალაკტიონს არ ჰგავს, ისიც ვიცოდი, რომ  გიჟი გალაკტიონი მერის არ შეუყვარდებოდა… ჩემს დღიურში ასეთი ჩანაწერიც მოიპოვება: მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი «მერი», ძალიან ხშირად მეკითხებიან, +- ვინა არის ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობ პასუხზე.

ალბათ, სულ ორი ადამიანი მიყვარდა: დედა და მერი.

– მიამბეთ დედათქვენზე…

– ჩემს მეხსიერებაში დედაზე მოგონება ამ სურათით იწყება: ჩონგურზე უკრავს ქალი, მე გატაცებით ვუგდებ მას ყურს. სოფელს სძინავს. ამ ბნელს, მყუდრო, ჩუმ გარემოზე უცბად ამოდის მთვარე და აშუქებს ჩემს რიკულებიან აივანს და ქალს, მუხლებზე ჩონგურით, ეს ქალი დედაჩემია… გარდაცვალების შემდეგ ხშირად ველაპარაკებოდი, ვუკითხავდი ლექსებს და ასე მეგონა, მისმენდა. ყოველთვის, როცა თავს ვიკლავ, მის ლანდს ვხედავ და ვგრძნობ, როგორი დაღონებულია ჩემი საქციელის გამო, მერე სადღაც მივქრივარ, მიმაქანებს თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმე…

– როგორია ის სამყარო, სადაც ნამდვილი გალაკტიონი ცხოვრობს?

– გინახავთ ფერი დაბინდული ქლიავისა? ეს გალაკტიონის სამშობლოს მთებია, სადაც ოდესღაც მარტოობაში ააკვნესა ქნარი და სულის ობლობა გაანდო ლექსებს. სადაც ისეთი მოწმენდილი და შეუმკრთალი ცაა, რომ «ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი». სადაც ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!… «არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში»… მხოლოდ აქ იბადება მთვარე, რომელიც გალაკტიონისთვის «თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით». აქ საღამო კანკალებს და ცა ვარსკვლავების თოვლით იბარდნება. «ცა ლაჟვარდია… დღე არის თბილი, მზე არის მწარე… გზა არის ცხელი. აქ მრავალია ცისფერი ფერი!» გალაკტიონის სამყარო ცისფერია…

– რატომ ლაპარაკობთ მესამე პირში?

– იქ, სადაც ცხოვრობდა გალაკტიონი, იქვე ვცხოვრობდი მეც, გალაკტიონ ტაბიძეც, ჩვენ ერთნი ვართ და ამავე დროს სხვადასხვაც…  მერე მოხუცი ადგა, მანიშნა, ახლოს მოდიო, მხარზე მძიმედ დამეყრდნო. ნელი და მძიმე ნაბიჯებით ფანჯრამდე მივედით, მერე მანიშნა, სკამი მომიდგიო… უცნაურია, მაგრამ ვიცოდი, რასაც აკეთებდა და არც კი მიცდია მისი შეჩერება. სკამზე ძლივს შედგა, გამომხედა, მერე ფეხი გადადგა და წავიდა…

ფანჯარაში გავიხედე, ვარდისფერი ჰაერის მეტი არაფერი ჩანდა… ოთახიდან გავედი, შორიდან მედდებსაც ვხედავდი, იქით გარბოდნენ, მინდოდა, მეთქვა, დაიგვიანეთ-მეთქი, მაგრამ…

ბევრი ვიხეტიალე, დილის ჰაერი სულ სხვანაირი იყო. ისევ იმ პარკში მივედი, იმავე სკამზე ის მოხუცი იჯდა და ჩემი ფულით ნაყიდ ფუნთუშას შეექცეოდა…

(c)  ვინმე საინტერესო ადამიანი

Advertisements
კატეგორიები:Drugs ტეგები:
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: